7 ივლისს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი სამინისტროს სააქტო დარბაზში მსოფლიოს ქალთა გრან-პრის სერიის გათამაშების მეოთხე ეტაპის გამარჯვებულ ნანა ძაგნიძეს შეხვდა და გამარჯვება მიულოცა.
ნანა ძაგნიძე: "მომხდარს ჯერ ვერ ვაანალიზებ. ისე ვიყავი გრან-პრიზე კონცენტრირებული, სიხარულის აღთქმა მიჭირს. იმედია ჩილეშიც გავიმარჯვებ და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის უფლებას მოვიპოვებ".
ლადო ვარძელაშვილი: "ვულოცავ ნანა ძაგნიძეს ამ დიდ წარმატებას. ნანამ გრან–პრის ამ ეტაპზე გამარჯვებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისათვის ბრძოლაში და ვფიქრობთ, მას ძალიან კარგი შანსი აქვს კიდევ უფრო დიდი გამარჯვება მოუტანოს საქართველოს"
გიორგი გიორგაძე: "გრან-პრიზე უძლიერესი შემადგენლობა შეიკრიბა. მონაწილეთა შორის მსოფლიოს 3 და ევროპის 2 ჩემპიონი იყო და მათთან ჭიდილში ძაგნიძემ ბრწყინვალე გამარჯვება იზეიმა. პირველ-რვა ტურში იმხელა უპირატესობა მოიპოვა, რომ ბოლო სამ თამაშში ყაიმებიც ხელს აძლევდა. საბოლოოდ მეორე ადგილს 1,5 ქულით გაუსწრო, მესამეადგილოსანს კი 2,5-ით. რეიტინგშიც დაწინაურდა და თუ ოქტომბრის ბოლოს, ჩილეში გასამართ ეტაპზეც წარმატებით გამოვა, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის რუს კოსტენიუკს შეხვდება".
ნანა ალექსანდრია: "უბედნიერესი ადამიანი ვარ. ნანა ძაგნიძეს ვულოცავ შთამბეჭდავ წარმატებას. ქართულ ჭადრაკში, მას შემდეგ, რაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დავკარგეთ, რამდენიმე გაბრწყინება მახსენდება და ნანას ბოლო გამარჯვება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. მას რეალური შანსი აქვს, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლოს. იმედია, გრან-პრის მე-4 ეტაპზეც იმარჯვებს".