930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

ქართველი მოჭადრაკეების ტრიუმფი ჩეხეთში!

ქართული  დელეგაციის ჰეგემონიით დასრულდა ჩეხეთის ქალაქ მარიანსკე-ლაზნეში გამართული რიგით 26-ე მსოფლიოს ჩემპიონატი სენიორ მოჭადრაკეთა შორის. ასპარეზობა  2 კატეგორიაში ჩატარდა: +50 წელი და +65 წლის ზემოთ, როგორც ქალთა ასევე ვაჟთა შორის.

ლეგენდარულმა ნონა გაფრინდაშვილმა ზედიზედ მესამედ მოიპოვა (2014;2015;2016 წწ.)  მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული სენიორ (+65წ.)მოჭადრაკეთა შორის! თუმცა, მანამდე 1995 და 2009 წლებში უკვე გახლდათ  ანალოგიური ჩემპიონატის გამარჯვებული ვეტერან მოჭადრაკეთა შორის.

ასე, რომ ქართველმა ჩემპიონმა თავის 11 ოლიმპიურ ოქროს და ქალთა შორის 5-გზის ჩემპიონობას, 5-გზის სენიორთა შორის ჩემპიონობაც მიუმატა. ნონამ, ტურნირი მარცხის გარეშე განვლო და  9-დან 8 ქულით მიუწვდომელი აღმოჩნდა მეტოქეებისათვის. 6,5 ქულა დააგროვა და ბრინჯაოს მედალს დაეპატრონა , ასპარეზობის მეორე ქართველი მონაწილე, მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი (1998;1999;2003;2010 წწ.) სენიორთა შორის თამარ ხმიადაშვილი.

50+წ. კატეგორიაში ვაჟთა შორის ბოლო ტურში პრინციპული გამარჯვებით მოიპოვა საქართველოს სახელით მოასპარეზე, საერთაშორისო დიდოსტატმა გიორგი ბაღათუროვმა! მან, 10-დან  9,5 ქულა დააგროვა და  მთელი ქულით (!) გაასწრო უახლოეს მდევარს. II-III  ადგილები გაინაწილეს: ალექსანდრ რეპრინცევმა (უკრაინა) და საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვაჟთა შორის, მსოფლიოს ჩემპიონმა სენიორთა შორის (2014წ.) ზურაბ სტურუამ. შეჯიბრის მესამე ქართველმა მონაწილემ ვარლამ ვეფხვიშვილმა 6,5 ქულა დააგროვა.

50+წ. ქალთა შორის მონაწილეობდა საერთაშორისო ოსტატი ციალა ქასოშვილი. მის აქტივში 11-დან 7 ქულა და მე-7 ადგილია.

ამრიგად, მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სახელით ასპარეზობდა  6 მოჭადრაკე და მათი მონაგარი 4 მედალია: 2 ოქრო და 2 ბრინჯაო!

ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი

  • Title: ქართველი მოჭადრაკეების ტრიუმფი ჩეხეთში!
  • Posted by:
  • Date: 01-12-2016 3:28 AM
  • Tags:
Top