ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ევროპის ჩემპიონატების წარდგენა

კლასიკურ ჭადრაკში ევროპის  ვაჟთა ჩემპიონატის და სწრაფ ჭადრაკში ევროპის ქალთა ჩემპიონატის წარდგენა დღეს სასტუმრო „იოტა“- ში გაიმართა. ღონისძიებას ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, ქალაქ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე  დაესწრნენ.

ბათუმში,16 მარტს დაიწყება და 28 მარტამდე გასტანს   ევროპის  რიგით  მე-19 ჩემპიონატი ვაჟთა შორის. ტურნირში მონაწილეობენ   მსოფლიოს წამყვანი მოჭადრაკეები. ქართველი ქომაგი განსაკუთრებით დიდ იმედს  ევროპის ჩემპიონატის მრავალგზის პრიზიორზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერზე ბაადურ ჯობავაზე ამყარებს.

ასპარეზობაზე  მონაწილეობას 34 ქვეყნის 311 მოჭადრაკე მიიღებს. მსოფლიო თასის  საგზურისთვის საქართველოს სახელით  32 მოჭადრაკე იბრძოლებს.

ევროპის ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 100 ათასი ევროა. აღსანიშნავია, რომ ბათუმი უკვე მეორედ მასპინძლობს კონტინენტის პირველობას,  პირველად  მსგავსი  შეჯიბრი 2002 წელს გაიმართა.

30  მარტსა და 1 აპრილს  თბილისი სწრაფ ჭადრაკში  ევროპის ქალთა ჩემპიონატს უმასპინძლებს. პირველობისთვის 15 ქვეყნის 80 მოჭადრაკე იბრძოლებს. ჩემპიონატში კონტინენტის ყველა უძლიერესი მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის საჭადრაკო ოლიმპიადების გამარჯვებულები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები. ჩემპიონატის ფავორიტთა შორის არიან ქართველი გოგონები, მათ შორის ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ნანა ძაგნიძე, მსოფლიოს 2015 წლის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულები:ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი,ლელა ჯავახიშვილი, სალომე მელია, მერი არაბიძე. ასპარეზობის საპრიზო ფონდი 20 500 ლარს შეადგენს.

 

  • სათაური: ევროპის ჩემპიონატების წარდგენა
  • ავტორი:
  • თარიღი: 13-03-2018 9:30 PM
  • Tags:
Top