ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ესპანეთსაც მოუგეს!

ბრწყინვალედ ითამაშეს ჩვენმა ვაჟებმა ბაქოში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადის მე-5 ტურში და ესპანეთის უძლიერესი ნაკრები გაანადგურეს ანგარიშით - 3,5:0,5! ხოლო, გუნდის ლიდერმა, ბაადურ ჯობავამ კიდევ ერთი ტოპ-დიდოსტატი ფრანსისკო პონს ვალეხო (2716)  დაამარცხა შავი ფიგურებით დაძაბულ ბრძოლაში. გუნდის დანარჩენმა წევრებმაც გამოიჩინეს თავი: თამაზ გელაშვილმა (2575) შავებით  რენიერ ვასკეს იგარზას (2580) სძლია , ლევან ფანცულაიამ თეთრი ფიგურებით დავიდ ანტონ გუიხაროს (2630) მოუგო, თორნიკე სანიკიძე კი თეთრებითვე ხოსე კარლოს იბარა ხერესს (2566) დაუზავდა.

5 ტურის შემდეგ, 10-10 ქულით ჰოლანდია, უკრაინა და ინდოეთი დაწინაურდნენ, რომელთაც ქულით ჩამორჩებიან ჩეხეთი, აშშ და საქართველო. დამატებითი მაჩვენებლებით, საქართველოს ნაკრები მე-6 ადგილზეა  და  მომდევნო  ტურში  ჩეხეთის გუნდს შეხვდება.

 

ვაჟების მსგავსად, 3,5:0,5 გაიმარჯვეს ჩვენმა ქალებმა პერუელ მოჭადრაკეებთან დაპირისპირებაში. პარტიები მოიგეს ლელა ჯავახიშვილმა (2486), ბელა ხოტენაშვილმა (2463) და ნინო ბაციაშვილმა (2474), ერთადერთი ყაიმი კი ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ (2522) გააფორმა.აღსანიშნავია,რომ დღევანდელი გამარჯვება  ნინო ბაციაშვილისთვის ზედიზედ მეხუთეა ოლიმპიადაზე.

ქალთა ტურნირში საქართველოს ნაკრებმა თავი 8 ქულას მოუყარა და დამატებითი მაჩვენებლებით მე-7 პოზიციაზე გადაინაცვლა. 10-10 ქულით რუსეთი და უკრაინა ლიდერობენ, რუმინეთს, ჩინეთს და აზერბაიჯანის პირველ გუნდს აქტივში 9-9 ქულა აქვთ, შემდეგ კი, უნგრეთი, საქართველო, პოლონეთი, ინდოეთი, თურქეთი, სერბეთი, ვიეტნამი, აშშ, ლატვია, ყაზახეთი და ჰოლანდია მოდიან.

მე-6 ტურში საქართველოს ქალთა ნაკრები აზერბაიჯანის პირველ გუნდს დაუპირისპირდება.

7 სექტემბერი  ოლიმპიადაზე დასვენების დღეა;  მე-6 ტური 8 სექტემბერს გაიმართება.

 

ქართველ მონაწილეთა შედეგები:

ქალები

ნანა ძაგნიძე     - 3(4)

 ლელა ჯავახიშვილი -3,5(4)

ბელა ხოტენაშვილი  - 4(5)

ნინო ბაციაშვილი   -5(5)

 სალომე  მელია  - 1(2)

 

ვაჟები

ბაადურ ჯობავა     - 3,5(4)

 მიხეილ მჭედლიშვილი- 1,5(5)

 ლევან ფანცულაია  - 4(5)

 თამაზ გელაშვილი  - 3(4)

 თორნიკე სანიკიძე  -  3(4).

 

ოფიციალური  ვებგვერდი

ტექნიკური შედეგები:

ქალები; ვაჟები;

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით;

საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა:

ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, სალომე  მელია; გუნდის მთავარი მწვრთნელი - ელიზბარ უბილავა; კაპიტანი - დავით ჯოჯუა.

საქართველოს ვაჟთა ნაკრების შემადგენლობა:

ბაადურ ჯობავა, ლევან ფანცულაია, მიხეილ მჭედლიშვილი, თამაზ გელაშვილი, თორნიკე სანიკიძე; გუნდის მთავარი მწვრთნელი და  კაპიტანი - ზურაბ სტურუა.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართება როგორც ქალთა ასევე ვაჟთა გუნდებს შორის.

სათამაშო დღეებია: 02-06; 08-13 სექტემბერი;

დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე + 30 წუთი პარტიის ბოლომდე + 30 წამიანი დამატებით პირველივე სვლიდან;

30 სვლამდე აკრძალულია ყაიმზე შეთანხმება.

შეგახსენებთ, რომ ქალთა ნაკრები დამოუკიდებელი საქართველოს სახელით  4-ჯერ (1992;1994;1996;2008) იყო საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული და 3-ჯერ (1998;2000;2010)  პრიზიორი.

 

 

  • სათაური: ესპანეთსაც მოუგეს!
  • ავტორი:
  • თარიღი: 07-09-2016 4:28 AM
  • Tags:
Top