ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

კარლსენი თუ კარიაკინი?

დღეიდან, ნიუ-იორკში სტარტს აიღებს მატჩი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისათვის. მსოფლიოს მე-16 ჩემპიონი, ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი  წოდებას რუსეთის წარმომადგენელ სერგეი კარიაკინთან დაიცავს.

პირველ სვლას  კარლსენისა და კარიაკინის შეხვერდაში ნიუ-იორკის მერი  ბილ დე ბლაზიო გააკეთებს  და  ეს არ იქნება ერთეული შემთხვევა, სხვა პარტიებშიც პირველ  სვლას  მოწვეული ‘ცნობილი  სახეები’ გააკეთებენ. მათი ვინაობა ჯერჯერობით საიდუმლოდ ინახება. თუმცა, არსებობს ვერსია რომ ერთ-ერთი მათგანი შეიძლება  აშშ-ს ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყოს. რომელსაც, უკვე აქვს გამოცდილება საჭადრაკო მატჩში პირველი სვლის გაკეთების.

1994 წელი, ნიუ-იორკი, ტრამპ-თაუერი. პირველ სვლას, პირველ პარტიაში, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალურ შეხვედრაში ბორის გულკოს (აშშ) და  ნაიჯელ შორტს (აშშ) შორის დონალდ ტრამპი აკეთებს.

საჭადრაკო სამყაროში ძალიან დიდი  როლი ენიჭება  მსგავსი მატჩების  გამართვას. თუმდაც, ის ფაქტი რომ  1886 წლიდან დღემდე, 130 წლისა და ფორმალურად 3 საუკუნის განმავლობაში (!) მსოფლიო ჭადრაკს მხოლოდ და მხოლოდ 16 ჩემპიონი ჰყავდა  მეტყველებს იმაზედ თუ რაოდენ რთულია ვაჟთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.

აღსანიშნავია, რომ ორივე მეტოქის გვარი ასო ‘კ-აზე’ იწყება და ჭადრაკის სამყაროს ახსოვს 2 ‘კ-ას’   კარპოვისა და კასპაროვის  ცნობილი დაპირისპირება. თავისთავად ისმება კითხვა, თუ რომელი კ-ა გაიმარჯვებს ახლა.

თუმცა, ყველა საჭადრაკო თუ არასაჭადრაკო კომპონენტის გათვალისწინებით უპირატესობა აშკარად  ნორვეგიელი მოჭადრაკის მხარეს  არის. აზარტულ სათამაშო სივრცეშიც კი ყველა ტოტალიზატორი ძალიან დიდ ფსონს  დებს დასავლეთ ევროპელი მოჭადრაკის გამარჯვებაზე.

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, მაგნუს კარლსენი უფრო სტაბილურია, უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, მეტი ტიტულები და  გამოცდილება   ჩემპიონის ტიტულისათვის ბრძოლაში. აგრეთვე, არის  მრავალმხრივი, უნივერსალური მოჭადრაკე. მოთამაშე რომელიც მიჩვეულია გამარჯვებას და პრაქტიკულად არ გააჩნია სუსტი წერტილები.

მაგრამ ისტორიას ახსოვს შემთხვევები როდესაც მატჩებს მსოფლიო პირველობაზე იგებდნენ არა ფავორიტები.

1927 წელი, ბუენოს-აირესი, არგენტინა. ერთმანეთს უპირისპირდებიან  დაუმარცხებელი, ჭადრაკის გენიოსად აღიარებული  ხოსე-რაულ კაპაბლანკა და  კუბელი მოჭადრაკის ჩრდილში მოქცეული, არაღიარებული რუსი პრეტენდენტი, ალექსანდრ ალიოხინი.  აღსანიშნავია, რომ მატჩამდე ყველა ტურნირში კაპაბლანკა ალიოხონზე წინ იკავებდა ადგილს და საერთოდ ყველა საჭადრაკო კომპონენტი მის წინააღმდგე იყო. თუნდაც,  მათი შეხვედრების ანგარიში  +5-0=7 -კუბელის სასარგებლოდ. მაგრამ, მატჩის წინ გაწეული ტიტანური შრომის შედეგად ჩემპიონის ტიტული ალიოხინმა დაისაკუთრა.

1935 წელი, ჰოლანდია. ალიოხინს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულში ეცილება, მასთან შედარებით უსახური,პროფესიით მათემატიკის მასწავლებელი (ქალთა კოლეჯში), დოქტორი მაქს ეივე. რუსი ჩემპიონისათვის თითქოსდა იოლი გასეირნება მისთვის სავალალო მარცხით დასრულდა... 

1961 წელი, მოსკოვი, რუსეთი. არავის ეგონა თუ მსოფლიოს მოქმედი  ჩემპიონი,შემოქმედებითი კარიერის  მწვერვალზე მყოფი მიხაილ ტალი თუ  დამარცხდებოდა მატჩ-რევანშში  ასაკოვან მიხაილ ბოტვინიკთან.

2000 წელი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი. 2 კ-ას: გარი კასპაროვის და ვლადიმირ კრმანიკის  დაპირისპირება... მატჩამდე კასპაროვმა ზედიზედ 10 სუპერტურნირი მოიგო, პირადი ანგარიშიც მის სასარგებლოდ იყო. მაგრამ, ყველასათვის მოულოდნელად პრეტენდენტმა  მეტოქეს  მშრალი ანგარიშით, დაუმარცხებლად,  - 8,5:6,5 მოუგო.

თუმცა,  ჩემპიონებისთვის მოულოდნელი მარცხი შეიძლება ითქვას  არ იყო  მარტო პრეტედენტების  დამსახურება და თავისი ‘წვლილი’ მოქმედმა  ჩემპიონებმაც შეიტანეს.

1927 წელს, ბუენოს-აირესის მატჩის დროს  კაპაბლანკას ‘სასიყვარულო თავგადასავლებზე’ ლეგენდები დადიოდა, ხოლო 1935 წელს ალიოხინს ეივესთან მატჩში  პარტია ფხიზელს პრაქტიკულად არ უთამაშნია. 1961 წელს კი ტალმა მატჩი ჯანმრთელობა შერყეულმა ითამაშა, ხოლო 2000 წლის ლონდონურ მატჩში კრამნიკთან - კასპაროვმა აშკარად არასწორედ შეაფასა  მეტოქის შესაძლებლობები  და ზერელედ მიუდგა მას.

ასე, რომ მიუხედავად ჩემპიონის უპირატესობისა ყველა ასპექტში წინ მაინც დაუვიწყარი სანახაობა გველის. პრინციპული მატჩი დასავლეთ ევროპაში ძალიან პოპულარულ მაგნუს კარლსენსა  და რუსეთის  წარმომადგენელ სერგეი კარიაკინს ( რომელსაც, ზურგს მთელი რუსეთი უმაგრებს) შორის. მატჩი 12 პარტიისგან შედგება; პარტიები გაიმართება  11,12,14,15,17,18,20,21,23,24,26,28 ნოემბერს, შემდეგი დროის კონტროლით: 120 წუთი 40 სვლაზე/ + 60 წუთი მომდევნო 20 სვლაზე=15 წუთი პარტიის ბოლომდე 30-წამიანი დამატებით. მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაში 30 ნოემბერს გაიმართება დამატებითი ტაი-ბრეიქი. პარტიები თბილისის დროით  21:00 საათზე დაიწყება.

მატჩის ოფიციალური ვებგვერდი

 

 

  • სათაური: კარლსენი თუ კარიაკინი?
  • ავტორი:
  • თარიღი: 11-11-2016 7:14 PM
  • Tags:
Top