ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

'მაიას თასმა' - სტარტი აიღო...

დღეს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში ქართული ჭადრაკის ლეგენდის,  მაია ჩიბურდანიძის სახელობის თასის გათამაშება გაიხსნა.

ასპარეზობა, რომლის საპრიზო ფონდიც 26 000 ლარს შეადგენს, ორ ეტაპად გაიმართება. პირველ ეტაპს "maia chess" დღეიდან 17 ივნისის ჩათვლით თბილისი მასპინძლობს, ხოლო მეორე "Fisher chess" 19-22 ივნისს ქუთაისში ჩატარდება.

ორივე ეტაპი ლეგენდარული ჩემპიონის მაია ჩიბურდანიძის ინოვაციით ჩატარდება. პირველად მსოფლიო ჭადრაკის ისტორიაში ტურნირი ახალი სისტემით "maia chess" ყველა პარტიაში საწყისი პოზიციის განსხვავებული განლაგებით გაიმართება. ტურნირში 8 ქალბატონი და ამდენივე ვაჟი მონაწილეობს, ესენი არიან, ქალები: ნანა ძაგნიძე, სალომე მელია, მერი არაბიძე, მაია ლომინეიშვილი, სოფო ხუხაშვილი, ნინო ხურციძე, სოფო გურამიშვილი, ნინო ხომერიკი; ვაჟები: მიხეილ მჭედლიშვილი, ლევან ფანცულაია, მერაბ გაგუნაშვილი, თორნიკე სანიკიძე, კონსტანტინე შანავა, ირაკლი ბერაძე, გიგა ყუფარაძე, ლუკა პაიჭაძე.

ტურნირის ორგანიზატორები არიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია და იმერეთის რეგიონის ჭადრაკის ფედერაცია.

ტურნირის გახსნას მაია ჩიბურდანიძესთან ერთად დაესწრნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ევროპის საჭადრაკო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე.

მაია ჩიბურდანიძე: "დიდი მადლობა ტურნირის ორგანიზატორებსა და მის მონაწილეებს. ძალიან ვნერვიულობ. ასეთი განცდა მაშინ არ მქონია, როცა პირველად მსოფლიო ჩემპიონი გავხდი..."

ტარიელ ხეჩიკაშვილი: "მივესალმები ტურნირს, რომლის ინიციატორიც ქალბატონი მაია ჩიბურდანიძეა. მან ქალბატონ ნონასთან ერთად ჭადრაკში და არა მარტო ჭადრაკში, ძალიან დიდი საქმე გააკეთეს. ჩვენ ვთხოვეთ ქალბატონ მაიას ჭადრაკის სასახლის ეზოში ნონას ვარსკვლავის გვერდით მისი ვარსკვლავიც გაგვეხსნა, მაგრამ იგი აქამდე ამის წინააღმდეგი იყო. ჭადრაკში დაბრუნების შემდეგ იმედია იგი ვარსკვლავის გახსნაზე ახლა მაინც დაგვთანხმდება.

იმედია, მაიას დღევანდელი წამოწყება გაამართლებს და მალე "maia chess"-ში საერთაშორისო ტურნირები ჩატარდება..."

გიორგი ალიბეგაშვილი: "მივესალმები ჩვენ სასიქადულო ჩემპიონ მაიას,რომელმაც ქალბატონ ნონასთან ერთად ჭადრაკში ახალი ეპოქა შექმნა. მივესალმები ახალ წამოწყებას, სადაც მის მონაწილეებს მეტი ინდივიდუალიზმისა და მეტი იმპროვიზაცის გამოჩენის საშუალება აქვს. ჩემზე რაც იქნება დამოკიდებული მხარში დაგიდგებით..."

ზურაბ აზმაიფარაშვილი: "მივესალმები ქართული სპორტის ერთ-ერთ ლეგენდას მაია ჩიბურდანიძეს და მის წამოწყებას. დღევანდელი ტურნირი იმას ნიშნავს, რომ მაია სპორტიდან არ წასულა და იმედია, 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადაზეც დაგვეხმარება, რომელსაც საქართველო, კონკრეტულად კი ბათუმი უმასპინძლებს..."

გია გიორგაძე: "დიდი მადლობა ქალბატონ მაიას ამ ახალი იდეისათვის, დიდი მადლობა მის სპონსორებს. ქალბატონო მაია თქვენ სჭირდებით ქართულ ჭადრაკს..."

მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონის, საერთაშორისო დიდოსტატის, მაია ჩიბურდანიძის სისტემა საჭადრაკო ტურნირების ჩატარებისთვის:

სისტემის დასახელება

«Maia chess»

«Maia chess» სისტემის მიზანი

«Maia chess» სისტემის მთავარი მიზანია ჭადრაკის განვითარება და პოპულარიზაცია. სისტემას ახალ დონეზე აყავს საჭადრაკო პაექრობა, ამაღლებს მოჭადრაკის პროფესიონალიზმს, უპირატესობას ანიჭებს მოჭადრაკის ერუდიციას, გონებამახვილობას, ოსტატობას და შემოქმედებას, რაც პარტიას უფრო სანახაობრივს და საინტერესოს ხდის. სისტემა «Maia chess» - ი გამორიცხავს პარტიის წინ მომზადებას, კომპიუტერის და მწვრთნელის ჩარევას სატურნირო ორთაბრძოლაში, რითაც მოჭადრაკეს უხსნის ფსიქოლოგიურ სტრესს და ნერვულ დაძაბულობას. სისტემა «Maia chess» პარტნიორებს აყენებს თანაბარ პირობებში, გამორიცხავს ანალიტიკური პროგრამების გამოყენებას, უზრუნველყოფს მეტოქეთა შორის შეუპოვარ ბრძოლას.

სისტემის არსი, თამაშის წესები და პირობები

პარტია იწყება განსაზღვრული პოზიციიდან, რომელიც შეიძლება მერყეობდეს 1 სვლიდან მე-15 ის ჩათვლით. მოთამაშეები პარტიის დაწყებამდე 10 წუთით ადრე უსხდებიან დაფას. თეთრი ფერით მოთამაშე კენჭისყრით იღებს პოზიციის განმსაზღვრელ ნომერს. შემდეგ მსაჯი ან თავად მოთამაშეები ალაგებენ დაფაზე შესაბამისს პოზიციას. მონაწილე ტურნირის განმავლობაში ორჯერ არ თამაშობს ერთი და იგივე პოზიციას.

ტუნირების კატეგორია, დროის კონტროლი

სისტემა «Maia chess» შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც წრიულ ტურნირებში და ღია ტურნირებში, მსოფლიო ოლიმპიადების ჩათვლით, ასევე მატჩების ჩატარებისას, დროის ნებისმიერი კონტროლით, რომელიც ფიდეს წესებითაა დაფიქსირებული.

 

დებულება

ფოტოგალერეა-1

ფოტოგალერეა -2 

  • სათაური: 'მაიას თასმა' - სტარტი აიღო...
  • ავტორი:
  • თარიღი: 13-06-2016 10:45 PM
  • Tags:
Top