ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

მანუჩარ მაჩაიძე: მოჭადრაკეები თავისიანად მთვლიან.

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი და ჭადრაკის დიდი მოყვარული  საქართველოს უძლიერესი მოჭადრაკის ბაადურ ჯობავას საქომაგოდ მოვიდა   დამატებითი ტაი-ბრეიქის დღეს.

ბატონო მანუჩარ, დღეს თქვენ  მოხვედით ბაადურ ჯობავას საქომაგოდ. იცნობთ მას პირადად?

არა, ის სხვა თაობას ეკუთვნის. ჩვენ არ გვქონია ურთიერთობა.

ვიცით, რომ თქვენც თამაშობთ ჭადრაკს, რა მიღწევები გაქვთ??

დიახ, ახალგაზრდობაში ვთამაშობი, ვმონაწილეობდი სხვადასხვა ტურნირებში. ვთამაშობდი თბილისის ჩემპიონატზე, ვიყავი ოსტატობის კანდიდატი. ახლაც ვთამაშობ ხოლმე, მაგრამ ბოლო ხანებში უფრო  კომპიუტერთან. საერთოდ, ძალიან მიყვარს ჭადრაკი, ვქომაგობ ქართველ მოჭადრაკეებს, ძველებიდან კი  საბჭოთა და უცხოელ  ჩემპიონებს. ძალიან მიყვარს ფიშერის, ტალის, სპასკის თამაში. ასე მგონია, რომ ძველი ჭადრაკი - კომბინაციური, რომანტიული, შემოქმედებითი - უკვე მოკვდა.ახლა სხვა ჭადრაკია და მას უნდა შეეჩვიო.

მოჭადრაკეებიდან  ვისთან კონტაქტობთ?

ვიცნობდი პეტროსიანს, ტალს,კარპოს, კასპაროვს,  ვურთიერთობდი სპასკისთან.რასაკვირველია ვიცნობ ჩვენს, ქართველ მოჭადრაკეებს - ზურაბ აზმაიფარაშვილს,გია  გიორგაძეს. ნონა გაფრინდაშვილი ჩემი მეგობარია, ასევე  ვმეგობრობ  ჩვენს დიდ მოჭადრაკეებთან: ნანა ალექსანდრია, ნანა იოსელიანი, ნინო გურიელი... ასე, რომ მოჭადრაკეებში ‘თავისიანად ‘მთვლიან.

საქართველოს ქალთა ნაკრები მუდამ მაღალ შედეგს აჩვენებს  მსოფლიო ასპარეზზე, რომელი უფრო პოპულარულია თქვენს ქვეყანაში: ფეხბურთი თუ ჭადრაკი?

სპორტის ორივე სახეობა პოპულარულია, თუმცა ფეხბურთში აღარ გვაქვს უკვე ძველი  შედეგები.

ვარსკვლავები არიან?

სამწუხაროდ არა. მაგრამ ჭადრაკში გვყავს ძალიან ძლიერი მოთამაშეები, ამიტომ სპორტის ეს  სახეობა უფრო ინარჩუნებს  პოზიციებს , რასაც  ვერ ვიტყვით ფეხბურთზე.

რამდენადაც  ვიცი, საქართველოში აქტიურად  ვითარდება  რაგბი?

უკანასკნელ პერიოდში, კი. სპორტსმენებს წარმატებები აქვთ და  ახალგაზრდობის უმრავლესობა რაგბში მიდის.

თქვენ რომელ კლუბს  ქომაგობთ, თბილისის ‘დინამოს’-ს გარდა?

რასაკვირველია  პირველ  რიგში თბილისის ‘დინამო’-ს. უცხოური გუნდებიდან - ‘ბარსელონა’ და ‘რეალი’, სხვათაშორის მადრიდის კლუბის წინააღმდეგ ნათამაშები მაქვს. ‘დინამო’-ს თავის დროზე დამარცხებული ჰყავს: - ‘ინტერი’, ’ლივერპული’,’ბენფიკა’, ‘კიევის ‘დინამო და ’ბოკა ხუნიორსი’ კონტინენტალურ თასზე. იყო დრო თბილისის ‘დინამო’ ასეთ გრანდებთან თამაშის დროს აღწევდა დიდ შედეგებს. თავის დროზე უძლიერესი არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ მაქვს ნათამაშები 1978 წელს. ჩვენ პატიოსნად გავიტანეთ გოლი მაგრამ არგენტინელმა მსაჯმა არ ჩაგვითვალა. შეხვედრა ფრედ დამთავრდა.  ხოლო, ბრაზილიაში პელეს სახელობის სტადიონზე თავით გავიტანე გოლი (იცინის). ბევრი სასიამოვნო რამ მაქვს გასახსენებელი.

სამწუხაროდ, ის წარმატებები წარსულში დარჩა. ამჟამად,  საქართველო ვერ ხვდება მსოფლიოს ჩემპიონატზე. მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი შეიცვლება, თუმცა საჭიროა დიდი ფინანსები, რომ შეიცვალოს სიტუაცია. ხედავთ ახლა როგორი აჟიოტაჟია ფეხბურთელების გარშემო? თავის დროზე ასე არ იყო. თვით პელესაც კი არ აძლევდნენ მილიონს, წარმოგიდგენიათ? ახლა კი ნეიმარისთვის  222 მილიონს იხდიან.

საერთოდ ნეიმართან  დაკავშირებულმა ისტორიამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ბევრი კრიტიკა გაისმა ფეხბურთელის მისამართით. თქვენ როგორ თვლით რამდენად ეთიკური იყო მისი გადასვლა ‘პსჟ’-ში ‘ბარსელონიდან’, თუ გავითვალისწინებთ სამეულის მესი-სუარესი-ნეიმარის ერთობას?

ჩემი აზრით ნორმალურია. ახლანდელი ფეხბურთი - ეს შოუა და ვინც ფულს ფეხბურთში დებს ნამდვილად არ ზარალდება. ნეიმარს აქებდნენ, თვლიდნენ კარგ მოთამაშედ, მაგრამ ის არ იყო იმ სიმაღლეზე, როგორიც სურდა. ალბათ, მისმა ახლო წრემ  სწორად ურჩია მესისგან განცალკავება.

მითუმეტეს იმ დროს, როდესაც ‘პსჟ’-დან წავიდა იბრაგიმოვიჩი და კლუბს აღარ ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი?

დიახ, ეგრეა. ამიტომ, ვთვლი რომ მისი გადაწყვეტილება სწორია.

და კიდევ ცნობილი ისტორია კოუტინიოსთან დაკავშირებით, რომელსაც პირიქით ‘ბარსელონა’-ში თამაში უნდოდა და ‘ლივერპულმა’ ვერ გაიმეტა?

დიახ, მას  კიდევ ერთი წელი არ შეუძლია გუნდის დატოვება. კოუტინიო - შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ პირადად მე არ მესმის თუ რა პოზიციაზე უნდა დააყენონ ის ‘ბარსელონა’-ში. კოუტინიო შემტევი ნახევარმცველია და არა თავდამსხმელი ან მხოლოდ ნახევარმცველი.

მაგრამ, მას ხომ ბლომად გოლები გააქვს!

არც ისე ბევრი.

გასაგებია. დაველოდოთ ახალ ტრანსფერს. და თქვენ ვის თვლით ამჟამად მსოფლიოში საუკეთესოდ?

ყველა  აღიარებს, რომ რონალდუ  და  მესი - ორი უდიდესი  ფეხბურთელია. ორივე მათგანი საუკეთესოა საუკეთესოთა შორის.

ინტერვიუდან ცოტა ხანში ქომაგებით გარშემორტყმულმა  ბაადურ ჯობავამ, გაიმარჯვა ივან სალგადო ლოპესთან დაპირისპირებაში და მსოფლიო თასის მეორე წრის საგზური  მოიპოვა.

წყარო

 

  • სათაური: მანუჩარ მაჩაიძე: მოჭადრაკეები თავისიანად მთვლიან.
  • ავტორი:
  • თარიღი: 07-09-2017 7:15 PM
  • Tags:
Top