ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

მუზიჩუკის ტრიუმფით დასრულდა...

უკრაინელი მოჭადრაკის ანა მუზიჩუკის ტრიუმფით დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი რაპიდსა და ბლიცში, რომელსაც ყატარის დედაქალაქი დოჰა მასპინძლობდა. რაპიდში მოგების შემდეგ ანამ ბლიცშიც შესანიშნავად იასპარეზა და აქაც პირველი ადგილი დაიკავა.

ქალთა ჩემპიონატი 17, ხოლო მამაკაცთა პირველობა 21 ტურად ჩატარდა. 17 შესაძლებლობიდან ანამ ყველაზე მეტი 13 ქულა დააგროვა. მეორე-მესამე ადგილები შესაბამისად რუსეთის ეროვნული ნაკრების წევრებმა ვალენტინა გუნინამ და კატერინა ლაჰნომ დაიკავეს, რომლებმაც 12.5- 12.5 ქულა დააგროვეს.

ქართველი მოჭადრაკეებიდან 9.5 ქულით ყველაზე კარგი შედეგი ლელა ჯავახიშვილმა აჩვენა, რომელმაც მე-11 ადგილი დაიკავა. სოფო გვეტაძემ და ნანა ძაგნიძემ, რომლებმაც 9.0-9.0 ქულა დააგროვეს, შესაბამისად 22-23 ადგილები გაიყვეს, . 8.5-8.5 ქულით 25-26-ე ადგილები გაინაწილეს ნინო ბაციაშვილმა და მერი არაბიძემ. მაკა ფურცელაძეს, რომლის ანგარიშზეც 4.5 ქულაა, 30-ე ადგილი ერგო.

ვაჟთა შორის 16,5-16,5 ქულა კლასიკურ ჭადრაკში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა მაგნუს კარლსენმა და ვიცე-ჩემპიონმა სერგეი კარიაკინმა დააგროვეს. უკეთესი მაჩვენებლით პირველი ადგილი და ჩემპიონის ტიტული კარიაკინს ერგო. შეიძლება ითქვას, რომ კარიაკინმა კლასიკური ჭადრაკის ფინალში დამარცხებისათვის რევანში აიღო. მესამე ადგილი რუსეთის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა დანილ დუბოვმა დაიკავა.

ქართველი მოჭადრაკეებიდან ყველაზე კარგი შედეგი ბაადურ ჯობავამ აჩვენა, რომელმაც 12,5 ქულით მეთხუთმეტე ადგილი დაიკავა. სამწუხაროდ, კარიაკინმა გადამწყვეტი გამარჯვება ჯობავასთან შეხვედრისას მოიპოვა. 12 ქულით მჭედლიშვილი ოცდამეხუთე, 10,5 ქულით ფანცულაია 57-ე, ხოლო 9 ქულით გიგა ყუფარაძე 86-ე იყო.

შეგახსენებთ, რომ რაპიდში ნანა ძაგნიძემ მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: მუზიჩუკის ტრიუმფით დასრულდა...
  • ავტორი:
  • თარიღი: 31-12-2016 11:38 PM
  • Tags:
Top