ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

მჭედლიშვილი, ისევ ერთპიროვნული ლიდერია!

დამაჯერებლად გაიმარჯვა დღევანდელ პარტიაში ტურნირის და ერთპიროვნულად ჩაუდგა ტურნირს სათავეში, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი მიხეილ მჭედლიშვილი.

დღევანდელ ტურში,  მჭედლიშვილი ჩემპიონატის ყველაზე ‘მშვიდობის მოყვარე’ დავიდ არუთინიანს დაუპირისპირდა, რომლის აქტივში 4-დან 4 ყაიმი გახლდათ. პარტიაშიც კარო-კანის დაცვა გათამაშდა და მოსალოდნელი ყაიმის კონტურებიც გამოიკვეთა. თუმცა, მჭედლიშვილმა პასიურ თამაშს თავი აარიდა და დებიუტშივე გადავიდა შეტევაზე. აქტიურმა თამაშმა თავისი მოიტანა და გამარჯვებამაც არ დაახანა.

 

ახალინდური დაცვის მყარი სისტემა გაითამაშეს სატურნიროს ცხრილის ზედა ნაწილში განლაგებულმა: ირაკლი ბერაძემ და გიგა ყუფარაძემ. თეთრებმა დებიუტისათვის დამახასიათებელი მცირე უპირატესობა მიიღეს და  პირველი კონტროლის დასრულებამდე ცდილობდენ  ორი კუს უპირატესობის გამოყენებას. თუმცა, შავებით მოთამაშე გამოცდილმა ყუფარაძემ მეტოქეს დამაჯერებლად გააუთანაბრა პოზიცია და 43 სვლაზე  ფრეზე შეთანხმდნენ.

ნაკლებად პოპულარული სისტემა აირჩია კარო-კანის დაცვის წინაღმდეგ მერაბ გაგუნაშვილმა ლუკა პაიჭაძესთან პარტიაში. მე-13 სვლაზე გაგუნაშვილმა პაიკის მომგები საეჭვო სვლა გააკეთა და მეტოქეს მცირე  უპირატესობა მიაღებინა.შემდეგში მთელი პარტია შავების უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ტურნირის ერთ-ერთმა ლიდერმა პაიაჭაძემ ვერ მოახერხა რეალიზაცია და ყაიმს დასჯერდა.

არა მარტო ტურის, ტურნირის ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ პარტიად შეიძლება ჩაითვალოს ფრედ დასრულებული შეხვედრა ლევან ფანცულაიასა და თორნიკე სანიკიძეს შორის.  დებიუტში შავებით სანიკიძემ ჰოლანდიური დაცვა აირჩია,რასაც შუათამაშში თეთრებიდან ფიგურების უზუსტო გაცვლა და უპირატესობის დათმობა მოჰყვა. თუმცა, ორმხრივ ცაიტნოტში უხეში შეცდომით თითქმის მოგებული პარტია უარეს პოზიციამდე მიიყვანა.ენდშპილში გადამწყვეტი უპირატესობა უკვე ფანცულაიას მხარეს იყო. საბოლოოდ,ეს  მრავალტანჯული პარტია  მშვიდობიანი ყაიმით დასრულდა.

სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჩემპიონატს გამოეთიშა კონსტანტინე შანავა.

 

მეხუთე ტურის შედეგები:

ლევან ფანცულაია  ½ : ½  თორნიკე სანიკიძე

მერაბ გაგუნაშვილი ½ : ½   ლუკა პაიჭაძე 

მიხეილ მჭედლიშვილი 1 : 0 დავიდ არუთინიანი

ირაკლი ბერაძე ½ : ½   გიგა ყუფარაძე

დებულება

ფოტოგალერეა

ტექნიკური შედეგები

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

  • სათაური: მჭედლიშვილი, ისევ ერთპიროვნული ლიდერია!
  • ავტორი:
  • თარიღი: 25-01-2017 11:36 PM
  • Tags:
Top