ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ნანა ძაგნიძემ სპორტის მუზეუმს კარიერის მანძილზე მოგებული ჯილდოები და ჩემპიონთა თასი გადასცა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ქალ მოჭადრაკეთა ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის გამარჯვებულ ნანა ძაგნიძეს ქართული სპორტის მუზეუმში უმასპინძლა.

დიდოსტატი ნანა ძაგნიძე პირველი ქართველი მოჭადრაკე ქალია, რომელმაც კონტინენტის ჩემპიონის ტიტული მოიგო! ჩემპიონობისთვის განკუთვნილი თასი, ასევე კარიერის მანძილზე მოგებული ჯილდოები და მედლები ნანა ძაგნიძემ ქართული სპორტის მუზეუმს დროებით გადასცა.

ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი ქალ მოჭადრაკეთა შორის ლატვიის დედაქალაქ რიგაში 10-22 აპრილს გაიმართა. ტურნირში, რომელიც შვეიცარიული სისტემით - 11 ტური - ჩატარდა, 33 ქვეყნის 144 მოჭადრაკე მონაწილეობდა, მათ შორის რვა ქართველი. ნანა ძაგნიძემ ექვსი პარტია მოიგო, ხუთი ყაიმით დაასრულა, 8,5 ქულა დააგროვა და უძლიერესის ტიტული მოიპოვა.

„ჩემთვის ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პირველად გავხდი ევროპის ჩემპიონი და ვეცდები ტიტული მომდევნო შეჯიბრებებშიც დავიცვა. წინ უფრო დიდი გამოწვევა, მსოფლიო პირველობა მელის და ახლა მთელი ჩემი ყურადღება სწორედ ამ ტურნირისკენაა მიმართული. მადლობა ბატონ მინისტრს, ჭადრაკის ფედერაციას, ჩემს მწვრთნელს ხვიჩა სუპატაშვილს მხარდაჭერისთვის, ხოლო სამინისტროსა და ქართული სპორტის მუზეუმს დღევანდელი დღისთვის", - განაცხადა ნანა ძაგნიძემ.

„ქალბატონი ნანას მასპინძლობა დიდი პატივია. ამ რამდენიმე დღის წინ მან ყველანი ძალიან გაგვახარა - ის ხომ პირველი ქართველი მოჭადრაკე ქალი გახდა, რომელმაც ესოდენ პრესტიჟული ტიტული მოიპოვა! მისი ეს ტრიუმფი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველო საჭადრაკო ქვეყანაა. იმის გათვალისწინებით, რომ გაისად ჩვენი ქვეყანა უდიდეს საჭადრაკო ფორუმს - ოლიმპიადას უმასპინძლებს, ნანას ეს გამარჯვება კიდევ უფრო დასაფასებელია. საჭადრაკო ოლიმპიადას საქართველო ევროპის ჩემპიონის ტიტულით ხვდება, რაც არა მარტო ოლიმპიადის, ზოგადად, ქვეყნის შესანიშნავი რეკლამაცაა. კიდევ ერთხელ ვულოცავ ნანას ჩემპიონობას, მას, მის თანაგუნდელებს, მწვრთნელებსა და ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენლებს კი უფრო დიდ წარმატებას და ახალ-ახალი მწვერვალების დაპყრობას ვუსურვებ, მათ შორის მსოფლიოს ჩემპიონის გვირგვინის საქართველოში დაბრუნებას", - განაცხადა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

„ნანამ მართლაც ყველანი ძალიან გაგვახარა, რისთვისაც მსურს საჯაროდ გადავუხადო მადლობა მას და მის მწვრთნელს, ბატონ ხვიჩა სუპატაშვილს. ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ ჩვენი მთავარი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებაა. დღევანდელი ფორმიდან გამომდინარე, ნანას უმაღლესი მიზნისთვის ბრძოლა ძალუძს და დარწმუნებული ვარ, ის ამ გამოწვევას კარგად გაართმევს თავს", - განაცხადა ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ.

ქალთა ევროპის პირველობა პირველად 2000 წელს ბათუმში გაიმართა. ქართველმა მოჭადრაკეებმა აქამდე ოქროს მედლის მოგება ვერ შეძლეს: სალომე მელია (2013 წელი) და ნინო ბაციაშვილი (2015) ვერცხლს დაეუფლნენ, მაია ჩიბურდანიძე (2000), ქეთევან არახამია-გრანტი (2001) და სალომე მელია (2014) კი ბრინჯაოს.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების სხვა წევრებს: ბელა ხოტენაშვილი 7,5 ქულით მე-10 ადგილზე გავიდა, დანარჩენების შედეგი კი ასეთია: ლელა ჯავახიშვილი - მე-18 (7 ქულა), მერი არაბიძე - 29-ე (6,5), სალომე მელია - მე-40 (6,5), სოფიო გვეტაძე - 43-ე (6,5), ნინო ბაციაშვილი - 49-ე (6), ნინო ხომერიკი - 73-ე (5,5).

წყარო
 

  • სათაური: ნანა ძაგნიძემ სპორტის მუზეუმს კარიერის მანძილზე მოგებული ჯილდოები და ჩემპიონთა თასი გადასცა
  • ავტორი:
  • თარიღი: 01-05-2017 6:12 PM
  • Tags:
Top