ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

პირველი ქართველი დიდოსტატი

 

რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე   მოქმედებს   რუბრიკა ‘დღის პერსონა’ . 13 ნოემბერი პირველი ქართველი დიდოსტატის ხსოვნას მიეძღვნა.

ბუხუტი  გურგენიძე

ინფორმაცია, ნიჭიერი ქართველი მოჭადრაკის შესახებ  საბჭოთა პრესაში პირველად,  1951 წელს გამოჩნდა. იმ წელს თბილისი  მასპინძლობდა დიდ საჭადრაკო ტურნირს, სადაც სათამაშოდ დაუშვეს ახალგაზრდა ბუხუტი გურგენიძე. ერთ-ერთ პირველ ტურში მისი   მოწინააღმდეგე გამოცდილი ოსტატი, უკრაინის ჩემპიონი ანატოლი ბანიკი იყო. პირველ სვლა E4-ზე მასპინძელთა წარმომადგენელმა დამაჯერებლად უპასუხა 1...D6-ით, რამაც მისი მეტოქის, რომელიც ცნობილი იყო როგორც ძლიერი პოზიციური მოთამაშე,  სკეპტიკური რეაქცია გამოიწვია. ‘იოლი გასეირნება მელის’   ჩაუჩურჩულა ბანიკმა ერთ-ერთ კოლეგას. მაგრამ პირიქით მოხდა. პარტია მართლაც ხანმოკლე გამოდგა, მაგრამ ერთი გამონაკლისით 25 სვლაში თეთრების  მეფე დაშამათდა და   შავებით მოთამაშე ქართველი მოჭადრაკე ტურნირის  ‘ყველაზე ლამაზის პარტიის ’ პრიზითაც დაჯილდოვდა.

უნიჭიერესი ბუხუტი გურგენიძე  სწრაფად  იმკვიდრებდა ადგილს საბჭოთა საჭადრაკო ელიტაში.  1955 წელს მან შესანიშნავად იასპარეზა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ნახევარფინალში, სადაც ბევრ ცნობილ მოთამაშეს გაუსწრო და პირველი ლიგის საგზურიც მოიპოვა. ორი წლის შემდეგ გურგენიძემ  უმაღლეს ლიგაშიც მოიპოვა ადგილი: ფინიშზე,  დაძაბულ ბრძოლაში, მან  ვლადიმირ სიმაგინი დაამარცხა  და პირველად გავიდა ფინალში.

ამ, დროიდან ქართული ჭადრაკის ლიდერი  მაღალი დონის საბჭოთა ტურნირების მუდმივი მონაწილე ხდება, მან 8-ჯერ ითამაშა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში. საუკეთესო შედეგი კი 1958 წელს რიგაში დააფიქსირა (7-8 ადგილი) როდესაც დაამარცხა აივარ გიპსლისი, მსოფლიოს მომავალი ჩემპიონი ბორის სპასკი, მარკ ტაიმანოვი და ალექსანდრ ტოლუში.

საჭადრაკო კარიერის პარალელურად ქვეყნის ერთ-ერთი უძლიერესი ახალგაზრდა ოსტატი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოლოგიის განხრით, ამიტომ ორჯერ მიიღო მონაწილეობა მსოფლიოს სტუდენტურ ჩემპიონატზე და ორივეჯერ ოქროს მედლით დაბრუნდა შინ.

1958 წელს  სტუდენტური გუნდის პირველი დაფა უძლიერესი საბჭოთა დიდოსტატების საწვრთნელ ტურნირზე  გამოიძახეს გაგრაში,  სადაც პირველივე პარტიაში დაამარცხა ტიგრან პეტროსიანი, ხოლო გარკვეული ხანის შემდეგ პაულ კერესი ამხანაგურ მატჩში: ესტონეთი - საქართველო.

1966 წელს ქართველმა მოჭადრაკემ საერთაშორისო ოსტატის წოდება მოიპოვა, თბილისში გამართული უძლიერესი ტურნირის ერთპიროვნულად მოგების შემდეგ. სატურნირო ცხრილში მის უკან დარჩნენ: რატმირ ხოლმოვი, რომან ჯინჯიხაშვილი, ანდრე ლილიენტალი, ვლასტიმილ იანსა, მატო დამიანოვიჩი და ივან რადულოვი. გურგენიძის საჭადრაკო კარიერის მწვერვალად შეიძლება ჩაითვალოს 1969 წელს გამართული გოგლიძის მემორიალი, სადაც მან  ულამაზესი პარტია მოუგო  მსოფლიოს ექსჩემპიონ მიხაილ ტალს, ასევე დაამარცხა იმ დროისათვის უძლიერესი საბჭოთა დიდოსტატები: ედუარდ გუფელდი და რატმირ ხოლმოვი. ხოლო, საბოლოო სატურნირო შედეგით  პირველობა ტალთან ერთად გაინაწილა და დიდოსტატის ნორმაც გადაჭარბებით შეასრულა.

გურგენიძე, მომდევნო წლებშიც წარმატებულად ასპარეზობდა. მოიგო ტურნირები: ოლომოუცში (1976), გრადეც-კრალოვეში (1977;1978),ჰარარში (1983). მაგრამ, მიუხედავად წარმატებული თამაშისა მისი ენერგია და მონდომება მიმართული იყო ქართველი მოჭადრაკე  ქალების მომზადების პროცესზე. ქართული ჭადრაკის ერთ-ერთი ფუძემდებელი 10 წლის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა ნანა ალექსანდრიასთან. სხვადასხვა დროს კონსულტაციებს უწევდა: ნონა გაფრინდაშვილს და ნანა იოსელიანს.

ცნობილი იყო როგორც  ორიგინალური სტილის მოჭადრაკე. პარტიის დასაწყისში ხშირად ირჩევდა ექსტრავაგანტულ  გაგრძელებებს და პრინციპულად იცავდა თავის სიახლეებს. გურგენიძის შემოქმედებაა გამბიტური გაგრძელება:1.e4 c5 2.მf3 მc6 3.კb5 g6 4.0-0 კg7 5.ეe1 e5 6.b4, მაგრამ განსაკუთრებული პოპულარობა მის იდეებს შორის კარო-კანის დაცვის ახალმა განვითარებამ მოიპოვა:1.е4 с6 2.d4 d5 3.მc3 -ის შემდეგ დიდოსტატი თამაშობდა - 3...b5 ან 3...g6 - მოგვიანებით, ორივე  გაგრძელებას  მისი სახელი დაერქვა. ბუხუტი გურგენიძემ აგრეთვე გაიმარჯვა ერთ-ერთ პირველ მსოფლიოს ჩემპიონატზე სენიორ-მოჭადრაკეთა შორის.

გარდაიცვალა 2008 წელს, დაკრძალულია თბილისში.

  • სათაური: პირველი ქართველი დიდოსტატი
  • ავტორი:
  • თარიღი: 14-11-2016 6:28 PM
  • Tags:
Top