ბლოგი

GCF's picture

პროფესიული ჭადრაკის სათავეებთან

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ემბლემაზე 1877 წლის დაფიქსირებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა ამ თარიღს ჩვენი ჭადრაკის ისტორიისათის . 1877 წლის სექტემბერში თბილისში ექვსმა პიროვნებამ ჭადრაკის მოყვარულთა წრე დააფუძნა. პირობის მიხედვით ისინი კვირაში ერთხელ იკრიბებოდნენ თითოეული მათგანის ბინაში.  ეს ცნობა მოძიებულია ჟურნალში „შახმატნი ლისტოკი“ 1878 №1.

 

 სავარაუდოდ ერთერთი დამფუძნებელია ალექსანდრ სმიტენი – თბილისის სასამართლო პალატის წევრი, შემდგომში თავმჯდომარე, უმაღლესი სამოქალაქო წოდებით.

 

 თბილისში ჭადრაკის მოყვარულთა წრის შექმნის ფაქტი დიდი ხანია ცნობილი იყო. განსაკუთრებული ყურადღება  მას არ ექცეოდა, იმ ძირითადი მიზეზის გამო, რომ არაფერი იყო ცნობილი ამ წრის მუშაობის შესახებ.

 

 ჩვენს მიერ ამ ბოლო დროს მოძიებული მე–19 საუკუნის თბილისის ტურნირების შეჯერებამ მანამდე ცნობილ მატჩებთან იმ დასკვნამდე მიგვიყვანა , რომ ამ წრემ სათავე დაუდო თბილისში თანამედროვე საჭადრაკო ცხოვრებას. ტურნირები იმართებოდა საორგანიზაციო კომიტეტის მიერ, დებულების თანახმად, საათით და პარტიების ცაწერით.  რა თქმა უნდა პროფესიული დამოკიდებულება თანდათანობით ყალიბდებოდა.

 

 მე–19 საუკუნეში დიდ საჭადრაკო ცენტრებში კი ტურნირების ორგანიზაცია ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული. გაცილებით იოლი იყო მატჩების გამართვა. 1878 წელს თბილიში ანდრია დადიანის მატჩი ალექსანდრ სმიტენთან ამ წრის მუშაობას უნდა დავუკავშიროთ.

 

 1877 წელს თბილისში სამკურნალოდ იყო ჩამოსული მოსკოვის იმდროინდელი უძლიერესი მოჭადრაკე ალექსანდრ სოლოვცოვი. ისტორიამ სმიტენისა და სოლოვცოვის საჭადრაკო ბატალიების ზუსტი სტატისტიკა შემოგვინახა. სოლოვცოვმა 57 პარტიაში გაიმარჯვა და 20–ჯერ დამარცხდა. მხოლოდ ოთხი პარტია დამთავრდა ყაიმით. ზოგიერთ პარტიაში სოლოვცოვი ხარისხის გარეშე თამაშობდა. (სმიტენი პარტიას იწყებდა B1 მხედრის, ხოლო სოლოვცოვი A8ეტლის გარეშე). მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი ალექსანდრ სოლოვცოვი სერიოზულ წინააღმდეგობას უწევდა თვით მიხეილ ჩიგორინს.  ისინი  ერთმანეთს 32–ჯერ შეხვდნენ საჭადრაკო დაფასთან. სამი პარტია ყაიმით დამთავრდა. სოლოვცოვმა თოთხმეტ პარტიაში იმარჯვა, ხოლო ჩიგორინმა კი თხუთმეტში.

 

ალექსანდრ სოლოვცოვს ანდრია დადიანთანაც მოუწია პაექრობა. დღეისათვის ცნობილია ორი პარტიის ჩანაწერი. ორივე მათგანი დადიანმა მოიგო. პირველი 1878 წელს თბილისში, ხოლო მეორე კი მოსკოვში 1885 წელს.

 

 1888 წელს 5–23 ივნისს ანდრია დადიანსა და ალექსანდრ სმიტენს შორის ჩატარებული მეორე მატჩიც თბილისის ჭადრაკის მოყვარულთა წრის მუშაობის აქტივში უნდა მივათვალოთ.  მატჩი დასრულდა 81/2 – 31/დადიანის სასარგებლოდ. ამ მატჩის პერიპეტიებს აღწერს თენგიზ გიორგაძე წიგნში „თამაშობს ანდრია დადიანი“ – 1972.

 

 ჭადრაკის მოყვარულთა წრის ყველაზე დიდი დამსახურება ოფიციალური ტურნირების ორგანიზაციაა. ეს ტურნირები ერდელის უკრაინიდან თბილისში საცხოვრებლად გადმოსვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი.   

 

 პირველი ტურნირი თბილისში 1892 წლის 14 იანვარს დაიწყო. მასში 23 მონაწილე ჩაეწერა. ჟურნალი „შახმატნიე ობოზრენიე“ 1892 წ. №7 შენიშნავს, რომ ოთხმა ძლიერმა ადგილობრივმა მოჭადრაკემ ტურნირში თამაში ვერ მოახერხა. შეჯიბრება თბილისის არტისტულ კლუბში გაიმართა. კლუბის მესვეურებმა მოჭადრაკეებს უსასყიდლოდ დაუთმეს სატურნირო დარბაზი და თავის თავზე აიღეს განათების ხარჯები. თითოეული მონაწილისათვის სატურნირო შესატანი 3 რუბლით განისაზღვრა. თამაში კვირაში სამ დღეს მიმდინარეობდა. თითოეულ მოჭადრაკეს ერთმანეთთან ორი პარტია უნდა ეთამაშა. ტურნირის ორგანიზაცია ერდელის სახელთანაა დაკავშირებული. ერდელი კიევისა და ხარკოვის საჭადრაკო ტურნირებში გამორჩეული პიროვნება იყო.

 

„შახმატნოე ობოზრენიე“–ს კიდევ ორ ნომერი №8-9 და  №11 მოგვითხრობს ამ ტურნირის შესახებ. აღსანიშნავია ის ინტერესი, რომელსაც მაყურებელი იჩენდა ამ ასპარეზობის მიმართ. ჩამოთვლილია მონაწილეების გვარებიც: თავადები ანდრონიკოვი,  არჯევანიძე, მაჩაბელი, ჭავჭავაძე, ჩოლოყაშვილი (ჟურნალში წერია ჩოლოკაევი). მათ გარდა თამაშობდნენ თეთრაძე, ალიხანოვი, შუტენკო, დიმო, პეტროვი, ნადირ–ბეგი, ედიგაროვი, კოვაჩი, დრევიცო, კოროჩევსკი, ვოლკი, პეტრონოვიჩი, ხოშჩინსკი, ხლებნიკოვი, შამშინოვი, შიმანოვსკი, ტერ–ასატუროვი და ვ. ა. ერდელი.

 

ტურნირის გამგებლის ფუნქცია შეითავსა ტერ–არტუროვმა, ხოლო მდივნის კი შიმანოვსკიმ. ტურნირის მონაწილეებისათვის ერდელმა წაიკითხა ლექცია დებიუტების თეორიისა და ენდშპილის შესახებ.

 

შეჯიბრებაში დაწესებული იყოყ ხუთი პრიზი. როგორც მოსალოდნელი იყო პირველი ადგილი დაიკავა ერდელმა. მან ყველა პარტიაში გაიმარჯვა.  მეორე პრიზი წილად ხვდა ვ.ნ. დიმოს. მესამე პრიზს დაეუფლა გ.ბ. ტერ–ასატუროვი. ქართველი მოჭადრაკეებიდან საუკეთესო იყო მაჩაბელი. მას მეოთზე პრიზი ერგო. მეხუთე ადგილზე გავიდა ფ.ა. შიმანოვსკი.  ტურნირის დახურვის შემდეგ გაიმართა მეგობრული ვახშამი.

 

იმავე წლის 24 ივნისს თბილისში მეორე ტურნირი გაიხსნა. მასში რვა მოჭადრაკე ჩაება. ზაფხული იყო და ბუნებრივია მონაწილეთა სიმცირეც ამით იყო განპირობებული. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მასში იმ დროის თითქმის ყველა ცნობილი მოჭადრაკე თამაშობდა. პირველი ტურნირის ოთხ პრიზიორს: ერდელს, ტერ–ასატუროვს, დიმოს და შიმანოვსკის დაემატა სმიტენი. ტურნირში თამაშობდნენ ასევე თეთრაძე, ხლებნიკოვი და ხოშინსკი.

 

პირველი ადგილისათვის ბრძოლა, როგორც მოსალოდნელი იყო, ერდელსა და სმიტენს შორის გაიმართა. ერდელი დაწინაურდა, მაგრამ ავადმყოფობის გამო ტურნირს გამოეთიშა. ბუნებრივია, ყველა მისი ნათამაშები პარტიის შედეგი გაუქმდა.

 

 ერდელის ტურნირიდან გასვლის შემდეგ სმიტენი კონკურენციის გარეშე დარჩა და პირველი ადგილი იოლად მოიპოვა.  მეორე პრიზი ტერ–არტუროვმა მოიპოვა. ტურნირის დახურვაზე დასახელდა მომდევნო შეჯიბრების დაწყების თარიღი – 8 დეკემბერი. 

 

როგორც „შახმატნოე ობოზრენიეს“ 1893 წლის №20–21 იუწყება ზამთრისათვის დაგეგმილი ეს ტურნირი ჩაიშალა. მთავარი მიზეზი ერდელის ავადმყოფობა იყო. ის საფრანგეთის სამხრეთში გაემგზავრა სამკურნალოდ. მართლია ტურნირში 12 მოყვარული ჩაეწერა, მათ პირველი შეკრებაც ჩაატარეს, დებულების პუნქტებიც შეათანხმეს, მაგრამ მეორე შეხვედრაზე უმეტესობა არ გამოცხადდა.

 

1893 წელს თბილისში კიდევ ორი ტურნირის ორგანიზაცია მოხერხდა. სამწუხაროდ ავადმყოფობის გამო ერდელი ტურნირში აღარ მონაწილეობს. (ის 1896 წლის 20 მარტს გარდაიცვალა.) მის გარეშე ფავორიტად სმიტენი ითვლება, მაგრამ ამჯერად მას ოფიცერმა ნ.ს. ივანოვმა აჯობა. ცხოვრების ცუდი პირობების გამო მისი საჭადრაკო კარიერა მალე შეწყდა. ჩვენთვის ცნობილია მისი ორსვლიანი ამოცანა. ტურნირში მეორე ადგილი სმიტენმა მოიპოვა. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ჭადრაკის მოყვარულთა წრემ სტაუნტონის მოდელის ჭადრაკი გამოიწერა.

 

ამ დროისათვის ჭადრაკის მოყვარულთა წრე უკვე თბილისის „არტისტულ კლუბში“ ფუნქციონირებს.

 

1893 წლის 1 დეკემბერს დამთავრდა მორიგი ტურნირი, 14 მონაწილეს შორის საუკეთესო იყო ნ.პ. გოლოვაშკინი. მეორე შედეგი აჩვენა ლ.ი. პრიგარამ.

 

ორივე გამარჯვებულისათვის ერდელმა პრიზები დააწესა. გამარჯვებულმა ვერცხლის ნაკეთობა და ჯიბის ჭადრაკი მიიღო, მეორე პრიზიორმა კი პორტსიგარა.

 

ისევე, როგორც თბილისის სხვა ტურნირებში, აქაც მეტოქეები ერთმანეთთან ორ–ორ პარტიას თამაშობდნენ.

 

ყველაზე ვრცელი ინფორმაცია ჩვენი იმ ტურნირის შესახებ გაგვაჩნია, რომელიც თბილისში 1901 წლის 9 იანვარს დაიწყო და 20 თებერვალს დამთავრდა. არსებობს ამ ტურნირის ცხრილიც. თერთმეტ მონაწილეს შორის ორი ქართველია: თავადი გრუზინსკი და არჯევანიძე.

 

პირველი ადგილი 14,5 ქულით 20 შესაძლებელიდან სმიტენმა დაიკავა. მას ქულით ჩამორჩა ასატუროვი, რომელმაც სმიტენთან ორივე პარტია წააგო. 12,5 ქულით მესამე ადგილზე გავიდა შიმანოვსკი. 12 ქულით მეოთხე შედეგი აჩვენა გრუზინსკიმ. 11 ქულით მეხუთე ადგილზეა მოჭადრაკე, რომელიც ტურნირში ინიციალიებით გ.ზ. თამაშობდა. გენრიხ ზისერმანი იურისტი იყო, საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა. ის ძალიან ლამაზ ამოცანებს ადგენდა. დღეისათვის ჩემს არქივში მისი ამოცანების საკმაოდ სოლიდური კოლექციაა. არჯევანიძემ ტურნირი 8 ქულით დაამთვრა. ამ პიროვნების გვარი ფიგურირებს 1922 წლის ტურნირის მონაწილეთ შორის, ხოლო ცნობილი მხატვრის მიხეილ ვადბოლსკის მოგონებებში, რომელიც XX საუკუნის ოციანი წლების თბილისის საჭადრაკ ოცხოვრებას ეხება, ნახსენებია : „მოხუცი გენერალი არჯევანიძე“.

 

აუცილებელია აღინიშნოს, რომ 1901 წლის „შახმატნოე ობოზრენიე“–ში ნახსენებია ტურნირი, რომელიც 35 წლის წინ თბილისში გაიმართა ოთხი მოჭადრაკის მონაწილეობით. ამ ტურნირის სხვა მონაცემები უკვე მაშინ იყო უცნობი.

 

XX საუკუნის დასაწყისში სმიტენი საცხოვრებლად პეტერბურგში გაემგზავრა. სავარაუდოდ საჭადრაკო ჟურნალებს სწორედ ის აწვდიდა ინფორმაციას.

 

ზემოთ ჩამოთვლილი ტურნირებისა და მატჩების გარდა იყო სხვა ღონისძიებებიც: ერთდროული თამაშის სეანსები და თამაში დაფაზე დაუხედავად.

 

საჭადრაკო წრის მუშაობა 1917 წლამდე მიმდინარეობდა. XX საუკუნის 20–იანი წლების თბილისის საჭადრაკო ცხოვრება ამ წრის მუშაობის ბუნებრივი გაგრძელება იყო.

 

ქართული ჭადრაკის ისტორიისათვის 1877 წელს თბილისში შექმნილ ჭადრაკის მოყვარულთა წრის მუშაობას დიდი როლი აკისრია. სწორედ 1877 წლიდან იღებს სათავეს საქართველოში პროფესიული ჭადრაკი.

 

                                                                                             დავით გურგენიძე

 

                                                      საერთაშორისო დიდოსტატი საჭადრაკო კომპოზიციაში

  • სათაური: პროფესიული ჭადრაკის სათავეებთან
  • ავტორი:
  • თარიღი: 24-01-2016 5:12 PM
  • Tags:
Top