ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

'რუსთავმა' - 'თბილისი' პრინციპულ ბრძოლაში დაამარცხა!

ქვეყნის საუკეთესო კლუბის ტიტულისათვის ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო  ქვემო ქართლის საჭადრაკო კლუბმა ‘რუსთავმა’ -თბილისის კლუბთან დაპირისპირებაში. შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად წარიმართა, მართალია I-II  დაფაზე ყოველგვარი გართულებების გარეშე გააფორმეს ყაიმები: თამაზ გელაშვილმა ლევან ფანცულაიასთან და  თორნიკე სანიკიძემ ლაშა ჯანჯღავასთან. სამაგიეროდ დანარჩენ პარტიებში დაუნდობელი ბრძოლა გაჩაღდა. კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი დიდი კლასი ზურაბ სტურუამ. ამჟამად, მან შავი ფიგურებით ლუკა პაიჭაძე  გადაითამაშა.თუმცა, დანარჩენმა გუნდის წევრებმა მხარი ვერ აუბეს. ნინო ხურციძემ კარგად  გამოიყენა თანაბარ  ენდშპილში სოფო გვეტაძის მიერ დაშვებული უხეში შეცდომა, ხოლო ანა შამათავამ დამაჯერებლად დაამარცხა მარიამ ჭოლაძე. ძალიან დიდი უპირატესობა  ვერ გამოიყენა  გიორგი სიბაშვილმა ოლექსანდრ ბორტნიკთან და ფრედ დაასრულა შეხვედრა. საბოლოოდ, მატჩი  მინიმალური  ანგარიშით 3,5:2,5 რუსთაველთა გამარჯვებით დასრულდა და მათ  ჩემპიონობაზე სერიოზული განაცხადი გააკეთეს. აღსანიშნავია, რომ წინა წლებში ‘რუსთავი’ მუდმივად საპრიზო სამეულში იკავებდა ადგილს და სულ ცოტა აკლდებოდა სანუკვარ მიზნამდე.

მოულოდნელად, დიდი ანგარიშით - 4,5:1,5 დაჯაბნა საქართველოს 2015 წლის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულმა ‘ნონამ’  მოქმედი ჩემპიონი ‘სამეგრელო’. პირველ დაფაზე დავით  ჯოჯუამ  ორმხრივი შეცდომებით დატვირთულ პარტიაში სამეგრელოს სომეხი ლეგიონერი ვაჰე ბაღდასარიანი  დაამარცხა. II,III,IV დაფებზე ფრედ დასრულდა შეხვედრები, ხოლო V-VI  დაფებზე ბათუმის ლეგიონერებმა  დამაჯერებლად  მოუგეს ჩემპიონი გუნდის წევრებს.

ორი სასტარტო მარცხის შემდეგ, ‘გამოფხიზლდა’ მასპინძელთა ‘კახეთი’. დღეს, მათი მსხვერპლი შიდა ქართლის კლუბი ‘გორი’ გახდა. ერთადერთი ‘ღირსების’ ყაიმი გუნდს ციალა ქასოშვილმა მოუტანა ბელა ხოტენაშვილთან პარტიაში.

მოულოდნელი წინააღმდეგობა გაუწია 'ქუთაისის' ტრადიციულად ძლიერ, თუმცა ამ ჩემპიონატში შესუსტებულ გუნდს სატურნირო რეიტინგ-სიით აუტსაიდერმა გუნდმა ‘ამბროლაურმა’ და მატჩი ფრედ დაასრულა.  პირველ დაფაზე ნიკა ვოლკოვმა ზედიზედ, მესამე  გამარჯვება მოიპოვა ნოე თუთისანთან შეხვედრაში და უკვე სარეიტინგო 35 ქულას იმატებს.

მეოთხე ტურში, რომელიც ‘ჰერეთობის’ დღესასწაულთან დაკავშირებით 11:00 საათზე დაიწყება, ერთმანეთს შეხვდებიან:

‘თბილისი’ (თბილისი)  -‘ გორი’ (შიდა ქართლი);

‘სამეგრელო’ (სამეგრელო-ზემო-სვანეთი) – ‘კახეთი’ (კახეთი);

‘ქუთაისი’ (იმერეთი) -  ‘ნონა’ (აჭარა);

‘რუსთავი’ (ქვემო-ქართლი) – ‘ამბროლაური’ (რაჭა-ლეჩხუმი  ქვემო სვანეთი).

 

სატურნირო  მდგომარეობა:

  1. ‘ნონა’       –      6 ქულა   (13,5);
  2. ‘რუსთავი’ –    6 ქულა  (12,5);
  3. ‘თბილისი’ -    4 ქულა  (9,5);
  4. ‘კახეთი’      -    2 ქულა  (10,5);
  5. ‘ამბროლაური’ -2 ქულა (8);
  6. ‘სამეგრელო’   - 2 ქულა (7,5);
  7. ‘ქუთაისი’      -  1  ქულა (6,5);
  8. ‘გორი’             - 1 ქულა (4) ;

ტექნიკური შედეგები

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

ფოტოგალერეა

  • სათაური: 'რუსთავმა' - 'თბილისი' პრინციპულ ბრძოლაში დაამარცხა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 25-09-2016 2:54 AM
  • Tags:
Top