ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველომ თავისი საამაყო შვილის იუბილე იზეიმა!

 

3 მაისს, საქართველომ XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალის ნონა გაფრინდაშვილის 75 წლის იუბილე იზეიმა. საზეიმო საღამოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრმა უმასპინძლა.

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, საჭადრაკო ოლიმპიადების თერთმეტგზის გამარჯვებული, პირველი საჭადრაკო ოსკარის მფლობელი , საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე (1989 -1996 წლებში), საქართველოს XX  საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალი, ჭადრაკის ლეგენდა   ნონა გაფრინდაშვილი 3 მაისს 75 წლის  გახდა! ამასთან დაკავშირებით თბილისში, მისივე სახელობის ჭადრაკის სასახლესთან ნონა გაფრინდაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.

ვერის ბაღსა და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში გამართულ საზეიმო ღონისძიებებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ჭადრაკის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი კირსან ილუმჟინოვი, ევროპის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები, აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის ჭადრაკის ფედერაციების წარმომადგენლები, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, სეოკ-ის მესვეურები, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, სხვადასხვა სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, ვეტერანი მოჭადრაკეები, პოლიტიკოსები და საპატიო სტუმრები დაესწრნენ.

რუსთაველის თეატრში დამსწრე საზოგადოებამ თამარ ბალავაძის მიერ ნონა გაფრინდაშვილის შესახებ მომზადებული ფილმი „ნონა" იხილა, სტუმრებმა კი არაერთი თბილი სიტყვა უძღვნეს იუბილარს და სამახსოვრო პრიზებიც გადასცეს. გუშინვე ნონა გაფრინდაშვილი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ახალი უმაღლესი ჯილდოთი - ოლიმპიური ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდა! საიუბილეო საღამო დაამშვენეს „სუხიშვილებმა", ანსამბლმა „შვიდკაცამ", ასევე ეკა მამალაძემ, მაია ჯაბუამ და ლიზა ბაგრატიონმა, გიო ხუციშვილმა. საღამოს დასასრულს ნონას სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყო და სიმღერა მიუძღვნა,  შვილიშვილმა ნიკოლოზ ჭიჭინაძემ
 

 

გია გიორგაძე (საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი): ,,მადლობა ყველას, მათ შორის, ფიდეს მაღალჩინოსნებს, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საჭადრაკო ფედერაციების წარმომადგენლებს, რომლებიც იუბილეზე ჩამოვიდნენ.

რომ არა ნონა, არ გვეყოლებოდნენ ნანა, მაია და მოჭადრაკე ქალთა ნაკრები, რომელმაც მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის მოგება მოახერხა. გადაწყვეტილი გვაქვს, ვერის ბაღში დაიდგას ქალთა ჭადრაკის დიდების ძეგლი. დღეიდან ცხადდება კონკურსი მისი საუკეთესო პროექტისთვის.

თბილისის მერის დავით ნარმანიას დახმარებით, მოპირკეთდა ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლის შესასვლელი. იმედია, თბილისის მერია დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს...”.

კირსან ილუმჟინოვი (ფიდე- პრეზიდენტი): ,,ფიდე თავის რიგებში 187 ქვეყანას აერთიანებს. ამის იმის თქმა მინდა, რომ ჭადრაკი მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული სახეობაა. ქალბატონმა ნონამ სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციის საქმეში დიდი როლი ითამაშა. ყალმუხეთში სტუმრობის დროს იგი რაიონული ცენტრიდან მოშორებულ დასახლებებში მისივე მოთხოვნით აწყობდა ხოლმე ერთობლივი თამაშების სეანსებს. ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის სახელით მინდა ქალბატონ ნონას ჭადრაკის დედოფლის კაისას თასი გადავცე“.

ზურაბ აზმაიფარაშვილი (ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი): ,,მე ნამყოფი ვარ ქალბატონი ნონას სახლში, რომლის ერთ-ერთი ოთახი მის მიერ მოპოვებული პრიზებითა და საჩუქრებითაა სავსე. ვერ ვხვდები, დღევანდელ საჩუქრებს სად უნდა მიუჩინოს ადგილი. გადავწყვიტე, მივიწვიო ევროპის საჭადრაკო კავშირის მიერ ორგანიზებულ ერთ-ერთ ტურნირზე, სადაც მას ჩვენ დავაფინანსებთ. ქალბატონ ნონას უფლება აქვს, სტატუსი თვითონ შეარჩიოს. მას შეუძლია იყოს ტურნირის მონაწილე ან ტექნიკური წარმომადგენელი“.

დავით ნარმანია (თბილისის მერი): ”დღევანდელი საღამოს წინ ჩვენ ვნახეთ ფილმი ქალბატონი ნონას მოღვაწეობის შესახებ. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რაც მან გააკეთა და აკეთებს. ვიღებ გამოწვევას და ვეცდებით, გავაგრძელოთ თბილისის ჭადრაკის სასახლის კეთილმოწყობა, რომელიც, იმედია, საინტერესო საჭადრაკო ღონისძიებებს უმასპინძლებს“.

მაირ მამედოვი (,,სოკარისპრეზიდენტი, აზერბაიჯანის ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი): ,,მოჭადრაკე ვაჟთა შორის დღესაც დაობენ, თუ ვინ არის პირველი, ალიოხინი, ფიშერი თუ კასპაროვი? ქალთა შორის ნონა უკონკურენტოა. ის საუკეთესოა. ამიტომაც, დაწესდა ნონას სახელობის თასი, რომელიც საჭადრაკო ოლიმპიადებზე ვაჟთა და ქალთა შორის, საუკეთესო ჯამური შედეგის მქონე ქვეყანას გადაეცემა. მალე დაიწყება 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადა, რომელსაც აზერბაიჯანი უმასპინძლებს. ვეცდებით, ეს პრიზი ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვოს“.

ჯანსუღ ჩარკვიანი (პოეტი): ”თქვენ 75-ს გახდით, მე 85-ს ვარ. რაც დამრჩენია, თქვენ გჩუქნით. ქალბატონო ნონა, თქვენ ყველას უყვარხარ, თქვენ მსოფლიო გიცნობთ“.

ტარიელ ხეჩიკაშვილი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი): ,”დღეს იმდენი ითქვა ქალბატონი ნონას შესახებ, ძნელია, რაიმე ახალი დაამატო. ყველაფრის მიუხედავად, სიახლე მაინც მაქვს. ნონა გაფრინდაშვილს ქართული სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა“.

ასევე სიტყვით გამოვიდნენ რუსეთისა და სომხეთის საჭადრაკო სამყაროს წარმომადგენლები, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჭადრაკში ნინო გურიელი, რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე დავით შემოქმედელი და სხვები.

ნონა გაფრინდაშვილმა ღონისძიების ორგანიზატორებს და იუბილეზე მისულ სტუმრებს, მათ შორის საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს, მადლობა გადაუხადა.

 

ფოტოგალერეა

  • სათაური: საქართველომ თავისი საამაყო შვილის იუბილე იზეიმა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 04-05-2016 4:26 PM
  • Tags:
Top