ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს ჩემპიონატის მიმოხილვა - ზურაბ სტურუა

ჭადრაკში მამაკაცთა შორის საქართველოს რიგით 76-ე პირველობამ  შესაძლოა რომ ამ ჩემპიონატების ისტორიაში უძლიერეს შემადგენლობას მოუყარა თავი.საკმარისია ითქვას რომ ათ მონაწილეს შორის რვა დიდოსტატი და ორი საერთაშორისო ოსტატი (რომლებიც დარწმუნებული ვარ დღეს - ხვალ აუცილებლად მოიპოვებენ ამ საპატიო წოდებას) ასპარეზობს, ხოლო ტურნირის საშუალო რეიტინგი -2546 ჩვენთვის სარეკორდო XII კატეგორიას აღწევს.

ერთადერთი ვინც საპატიო მიზეზის გამო ვერ მოახერხა ჩემპიონატში მონაწილეობა მამაკაცთა ნაკრების ლიდერი ბაადურ ჯობავაა. თუმცა, იმედს ვიტოვებ რომ შემდგომში ბაადური აუცილებლად მოახერხებს საქარველოს პირევლობაზე ასპარეზობას და ქართული ჭადრაკის მრავალრიცხოვანი გულშემატკივარის გახარებას მისთვის ჩვეული საინტერესო და უკომპრომისო თამაშით.

ტურნირის ძლიერი და თანაბარი შემადგენლობა, რაც მთავარია საკმაოდ მაღალი მოტივაცია მონაწილეებისათვის (მაღალი საპრიზო ფონდი, ნაკრების შემადგენლობაში მოხვედრის საკმაოდ მაღალი ბონუსი, ევროპის ინდივიდუალურ პირველობაზე სამეულის დაფინანსება და ა.შ.) უკვე მიანიშნებდა იმას რომ მოჭადრაკეები არც საკუთარ თავს დაზოგავდნენ, არც მეტოქეს და პრაქტიკულად ყოველ პარტიაში უშეღავათო ბრძოლა გაჩაღდებოდა. ძალიან სასიამოვნოა რომ ტურნირი ზუსტად ამ სცენარით მიმდინარეობს და შედეგიანი პარტიების რაოდენობა ორმოცდაათ პროცენტს აჭარბებს რაც ცოტა ნამდვილად არ არის. პირველ სამ ტურში გაჩნდა ერთპიროვნული ლიდერი მიხეილ მჭედლიშვილი, რომელიც როგორც ყოველთვის მაღალი კლასისა და პროფესიონალიზმის  წყალობით ახერხებს მეტოქეებს თავს მოახვიოს მათთვის არასასიამოვნო ბრძოლის სცენარი და ტექნიკურად გამოიყენოს მეტოქის მიერ დაშვებული უზუსტობები. რა თქმა უნდა მიხეილი  ეცდება  შეინარჩუნოს სტარტიდან აღებული მაღალი ტემპი და ამის პოტენციალი ნამდვილად გააჩნია. გაჩნდა მდევართა ჯგუფი სანიკიძის, პაიჭაძის, ბერაძის და ჯოჯუას შემადგენლობით რომლებიც სავსებით დამსახურებულად იმყოფებიან მოწინავეთა შორის. ჯოჯუა და ბერაძე ჯერჯერობით ტურნირის ყველაზე უკომპრომისო მოანწილეები არიან და თუ საქართველოს მოქმედი ჩემპიონსი სატურნირო მდგომარეობაში გასაკვირი არაფერია, სრულაიდ ახალგაზრდა ბერაძის თამაში ნამდვილად სასიამოვნო სიურპრიზია და იმედია რომ ის შემდგომ ტურებშიც არ დაუდებს ტოლს უფრო გამოცდილ მეტოქეებს. საკმაოდ პროფესიონალურად მოქმედებენ დაფასთან სანიკიძე და პაიჭაძე. გაუმართლებელი რისკისათვის თავის აცილება და  მეტოქის მცირე უზუსტობებზე თამაშის აგება. ჯერჯერობით ეს სტრატეგია სავსებით ამართლებს და მისი შეცვლის სერიოზული მიზეზი არ სჩანს. სამ-სამი ყაიმით და პირველობის ყველაზე ‘მშვიდობისმოყვარე’ მონაწილეების ტიტულით შემდგომ ადგილებზე დავიდ არუთინიანი და გიგა ყუფარაძე იმყოფებიან. თუმცა, ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ რომელიმე მათგანი მცდელობას აკლებს უკეთესი შედეგის მიღწევისა,უბრალოდ ყველაფერი პარტიების ლოგიკური მსვლელობიდან გამომდინარეობს და ჯერჯერობით საგანგაშო არაფერია.

ნამდვილად არ გამოუვიდა სტარტი ლევან ფანცულაიას. თუმცა მისმა მრავალმა წარმატებულმა გამოსვლამ ბოლო წლებში დაგვარწმუნა რომ ლევანისათვის შეუძლებელი ჭადრაკში პრაქტიკულად არ არსებობს და აბსოლუტურად არ გამიკვირდება თუ მალე იგი უმაღლეს ადგილებისათვის მებრძოლთა რიგებში აღმოჩნდება.

ჩემთვის საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა მერან გაგუნაშვილის სუსტი სტარტი. ასეთი ძლიერი და გამოცდილი დიდოსტატისაგან პრაქტიკულად  ერთი და იგივე სცენარით დამარცხება (როცა ყაიმამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი) მისთვის საგანგაშო სიპტომია და მერაბს ერთადერთს ვუსურვებ რომ პარტიის ბოლო წუთამდე შეინარჩუნოს სრული კონცეტრაცია. კლასი კი მას ნამდვილად არ აკლია.

ჩემი აზრით წარუმატებელი აღმოჩნდა კონსტანტინე შანავას სადებიუტო ექსპერიმენტები პირველ ორ შავ ფერებით ნათამაშევ პარტიებში  რამაც აშკარად დაღი დაასვა მის თამაშს მესამე პარტიაში სადაც საკმაოდ პერსპექტიული პოზიციის მიუხედავად იგი დამაჯერებლად მოქმედებდა. თუმცა, წინ კიდევ ექვსი და მსგავს შემოქმედებითი სტილის დიდოსტატს ნამდვილად აქვს შანსი სიტუაციის გამოსწორებისთვის იბრძოლოს.

და ბოლოს მინდა ვთქვა რომ ტურნირის შედარებით მოკლე  დისტანცია, მაღალი მოტივაცია და მონაწილეთა საბრძოლო განწყობა აშკარად ამაღლებს ჩემპიონატის სანახაობრივ მხარეს და იმედი მაქვს რომ ეხლა როცა ყოველ ნახევარ და ერთ ქულას ოქროს ფასი ექნება ბრძოლები უფრო დაძაბული და მწვავე გახდება.

ზურაბ სტურუა

საერთაშორისო დიდოსტატი,

საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

  • სათაური: საქართველოს ჩემპიონატის მიმოხილვა - ზურაბ სტურუა
  • ავტორი:
  • თარიღი: 25-01-2017 10:59 PM
  • Tags:
Top