ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

წარმატებით დაიწყეს!

ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი წრის პირველი  ტური ქართველი მოჭადრაკეებისათვის  წარმატებული აღმოჩნდა!

პირველი გამარჯვებით  ნინო ხურციძემ გაგვახარა. მისი მსხვერპლი ევროპის მრავალგზის ჩემპიონი ნატალია ჟუკოვა გახდა. ნინომ ნიმცოვიჩის  მყარი სისტემა აირჩია ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ.თუმცა, დასაწყისშივე აარიდა თავი გაკვალულ გზას და ამით გამოცდილი მეტოქე დააბნია. თეთრებით მოთამაშე ევროპის ექსჩემპიონი პოზიციაში კარგად  ვერ გაერკვია და 31-ე სვლაზე თავი დამარცხებულად სცნო.

საინტერესო იყო ქართველი მოჭადრაკის სოფო გურამიშვილის დაპირისპირება ირანის საჭადრაკო ვარსკვლავთან, სარასადატ ხადემალშარეხთან. ირანელი მოჭადრაკე, ბოლო ხანებში შთამბეჭდავ შედეგებს აჩვენებს და თუ გავითვალისწინებთ მასპინძელის ქვეყნის წარმომადგენელის სტატუსს, შეიძლება ითქვას რომ სოფიკოს დღეს ყველაზე რთული და ძლიერი მეტოქე ჰყავდა. თუმცა, ქართველი მოჭადრაკე ამას არ შეუშინებია და დებიუტიდანვე მედგრად იბრძოდა გამარჯვებისათვის. ინიციატივა  თავიდანვე ხელთ იგდო და  მეფის ფრთაზე და ცენტრალურ  ხაზზე შეტევით დამაჯერებლად დაამარცხა მრისხანე მეტოქე.

მშვიდ იტალიური სისტემის გამოყენებით  დაამარცხა ევროპის ექსჩემპიონი ეკატერინა ატალიკი სალომე მელიამ. ბათუმელი დიდოსტატი,ინიციატივას   დებიუტშივე დაეუფლა და მშვიდად, დამაჯერებლად მიიყვანა საქმე ბოლომდე.

სამწუხაროდ პირველ  წრეში დაუპირისპირდა ერთმანეთს 2 ქართველი მოჭადრაკე: ნინო ბაციაშვილი და სოფო გვეტაძე.

უპრეტენზიოდ გათამაშებული დებიუტით თეთრებმა მცირე   უპირატესობა მოიპოვეს. თუმცა, შემდეგში  რამდენიმე უზუსტობა დაუშვეს რაც კარგად გამოიყენა ნინო ბაციაშვილმა და მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა.

შავი ფერის ფიგურებით ფრედ დაასრულეს შეხვედრები: ბელა ხოტენაშვილმა ოლგა ზიმინასთან, ხოლო ლელა ჯავახიშვილმა პამ ნგუენთან. ხვალინდელ შეხვედრებში თეთრებით ითამაშებენ და იმედია არ გაუჭირდებათ გამარჯვება.

მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა ჩემპიონატის ერთ-ერთ რეალურ ფავორიტ ნანა ძაგნიძესა და მონა ხალედს შორის. თეთრი ფერით ქართული ჭადრაკის ლიდერმა პარტია მასზე გაცილებით სუსტ მეტოქესთან წააგო. თუმცა, იმედია ხვალინდელ პარტიაში ძალებს მოიკრებს და არ გაუჭირდება რევანშის აღება.

ამრიგად, ხვალინდელ ტურში შემდეგ წრეში გადასასვლელად ყაიმიც ჰყოფნით: ხურციძეს, გურამიშვილს, მელიას და ბაციაშვილს. დანარჩენებს კი უფრო დაძაბული ბრძოლა მოუწევთ მეორე წრის საგზურების მოსაპოვებლად.

ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: წარმატებით დაიწყეს!
  • ავტორი:
  • თარიღი: 12-02-2017 2:53 AM
  • Tags:
Top