ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ჯავახიშვილი ერთპიროვნულად დაწინაურდა!

საქართველოს ქალთა 73-ე  ჩემპიონატს 5 ტურის შემდეგ 4,5 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს  ლელა ჯავახიშვილი. ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩება  სალომე მელია.ხოლო მესამე ადგილზე 3 ქულით მაია ლომინეიშვილი იქნება.მეექვსე ტურში სწროედ, მათი შეხვედრა იქნება ყურადღების ცენტრში.

 

 

 

განვლილი ტურების პარტიები

პარტიები ანალიზით

ტექნიკური შედეგები

დებულება

ფოტოგალერეა

 

 

 

IV  ტური

 ხოტენაშვილი–მელია

ბელა და სალომე დებიუტშივე შეთანხმდნენ ყაიმზე, რაც ალბათ იმით იყო განპირობებული, რომ თეთრებმა არადამაკმაყოფილებელი პოზიცია მიიღეს დებიუტში.

 

  გვეტაძე–ჯავახიშვილი

გათამაშდა სიცილიური დაცვის ე.წ. როსოლიმოს ვარიანტი, სადაც ლელამ ადვილად შესძლო გათანაბრება დებიუტში და შემდეგ აქტიური თამაშით სერიოზულ ინიციატივას დაეუფლა მიტელშპილში. შავებმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს, როდესაც თეთრუჯროვანი კუ დასთმეს (სჯობდა 30...მh5) უპირატესობით. შემდგომ ცაიტნოტებში იყო შეცდომები ორივე მხრიდან, ჯერ ლელას ჰქონდა დიდი უპირატესობა, შემდეგ სოფიოს ჰქონდა მოგებული პოზიცია... საბოლოოდ გამოვიდა საყაიმო ენდშპილი.

 

გავაშელი–მიქაძე

თეთრებმა სერიოზული შეცდომა დაუშვეს დებიუტიდან გასვლის შემდეგ (12d4), რის შემდეგაც შავებს მისცეს საშუალება დაუფლებოდნენ სერიოზულ უპირატესობას. მირანდამ სწორად წარმართა პარტია და უკვე როდესაც მისი გამარჯვება ეჭვს აღარ იწვევდა, მოწინააღმდეგეს აჰყვა ცაიტნოტში სწრაფ თამაშში და არაერთი შესაძლებლობა გაუშვა პარტიის დამთავრების. საბოლოო პოზიციაში კი სადაც ყაიმზე შეთანხმდნენ, უკვე მხოლოდ ანა თუ ითამაშებდა მოგებაზე.

 

ვახანია–ხომერიკი

პარტია თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და ყაიმი ლოგიკური დასასრული უნდა ყოფილიყო, თუმცა ნინომ ძალზედ უხეში შეცდომები დაუშვა ეტლების ენდშპილში. ჯერ 89...c4ხოლო შემდეგ 90...ეb2 და დასთმო პარტია.

 

 ლომინეიშვილი–არაბიძე

ესპანურ პარტიაში თეთრები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას და პარტია შეიძლებოდა 25 სვლაზე დამთავრებულიყო, მაიას რომ დაენახა 25g4 სვლა, შემდგომ დაძაბულ მიტელშპილში მერის მიეცა კონტრთამაშის შანსები, თუმცა სრულად ვერ გამოიყენა და მაიამ დამაჯერებლად გაიმარჯვა ენდშპილში.

 

 ხურციძე–ხუხაშვილი

გათამაშდა ახალინდური დაცვა, სადაც შავებმა დებიუტიდანვე მიიღეს დაკიდებული პაიკები ცენტრში. ნინომ შუა თამაშში ვერ მონახა სწორი გეგმა და საშუალება მისცა სოფიკოს მისთვის ხელსაყრელ მომენტში გაეტარებინა ამ სტრუქტურისთვის ტიპიური გარღვევა ცენტრში 22...d4-ის სახით, რომლის შემდეგაც შავების ყველა ფიგურა ჩაერთო მეფეზე შეტევაში და თეთრების პოზიცია დაუცველი აღმოჩნდა. 

 

V  ტური

ჯავახიშვილი–ვახანია

თეთრებმა დებიუტიდანვე ხელთ იგდეს უპირატესობა, თუმცა შუა თამაშში ალამ პაიკის შეწირვით გაამწვავა პოზიცია და ნორმალური სათამაშო კომპენსაციაც მიიღო. საეჭვო იყო შავების 22...კf5 სვლა, რომლის შემდეგაც მათ ხარისხის დათმობაც მოუწიათ, თუმცა პოზიციამ დინამიურობა მაინც არ დაკარგა. თავის მხრივ ლელამაც დაუშვა რამოდენიმე უზუსტობა, რეალიზაციის დროს, თუმცა ეს უზუსტობები შეუმჩნეველი დარჩა შავებისთვის და მეორმოცე სვლაზე, მძიმე პოზიციაში შავებს ალამი ჩამოუვარდათ.

 

  მიქაძე–ხოტენაშვილი

დებიუტიდანვე მშვიდ მანევრულ ბრძოლაში მიმდინარეობდა პარტია. შავები თანდათან ეუფლებოდნენ ინიციატივას, როდესაც მირანდამ 21 სვლაზე ძალიან გაამწვავა პოზიცია, შესწირა რა ორი ფიგურა ეტლსა და პაიკში. შეიქმნა ძალიან რთული, დაძაბული პოზიცია სადაც მთავარი როლი ითამაშა ბელას ცაიტნოტმა, დაუშვა რა, დინამიურ პოზიციაში მისთვის არადამახასიათებელი რამოდენიმე უხეში შეცდომა.

 

 ხომერიკი–ლომინეიშვილი

შეიქმნა დახურული რთული პოზიცია სადაც შავებს არანაირი პრობლემა არ ჰქონდათ, თუმცა შუა თამაშში მათ არ გაიმეორეს სვლები და გაამწვავეს პოზიცია. რისთვისაც თეთრები უფრო აღმოჩნდნენ მომზადებული. აშსანიშნავია, ნინოს კარგი თამაში უპირატესობის რეალიზაციის დროს.

 

 ხუხაშვილი–გვეტაძე

თეთრებმა საეჭვოდ გაითამაშეს დებიუტიდატოვეს რა მეფე ცენტრში, რითაც ისარგებლეს შავებმა გახსნეს თამაში ცენტრში და ძლიერი შეტევა წამოიწყეს მეფეზე, თუმცა შემდგომ ცაიტნოტში დაუშვეს უხეში შეცდომა გაცვალეს რა კუ მხედარში. რის შემდეგაც უპირატესობა თეთრების მხარეს გადავიდა, თუმცა ენდშპილში მათ ზუსტად არ ითამაშეს და საშუალება მისცეს შავებს გაეკეთებინათ მუდმივი ქიში.

 

  არაბიძე–გავაშელი

თეთრებმა ვარინატზე დაიჭირეს შავები და დებიუტიდან დიდი უპირატესობა მიიღეს, მიუხედავად იმისა, რომ არ მოკლეს ლაზიერით b3-ზე გადამწყვეტი უპირატესობით. შემდგომში მერიმ, არასწორი მანევრი განახორციელა მხედრით და წამოიწყო მოუმზადებელი შეტევა მეფეზე. შავების კონტრთამაში ლაზიერის ფლანგზე უფრო სერიოზული აღმოჩნდა და უპირატესობასაც ანა დაეუფლა. შემდგომ შავებმა პაიკიც მოიგეს, თუმცა მისი რეალიზება ვეღარ მოახერხეს.

 

 მელია–ხურციძე

გათამაშდა სიცილიური დაცვის, პაულსენის ვარიანტი, სადაც გამოვიდა ე.წ. „იოჟის“ ტიპის სტრუქტურა. სადაც შავებმა შეძლეს და გაატარეს ტიპიური ფლანგური გარღვევა, შეწირეს დროებით პაიკი და დაეუფლნენ ინიციატივას, თუმცა სალომე მოწინააღმდეგის ინიციატივის განეიტრალების დროს მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და პოზიციის გამარტივებით პარტია ყაიმით დასრულდა.

 

დავით ჯოჯუა

საქართველოს ქალთა ნაკრების მწვრთნელი

საქართველოს 2016 წლის ჩემპიონი ვაჟთა შორის.

  • სათაური: ჯავახიშვილი ერთპიროვნულად დაწინაურდა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 30-03-2016 3:31 PM
  • Tags:
Top