ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ჯავახიშვილი პირველობას ინარჩუნებს!

მსოფლიოს 2015 წლის გუნდური ჩემპიონატის და 2008 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული ლელა ჯავახიშვილი, ერთპიროვნულ ლიდერობას ინარჩუნებს ქვეყნის რიგით 73-ე ჩემპიონატზე.

ფინიშამდე 3 ტურით მის აქტივში 6 ქულა და ნახევარქულიანი სხვაობაა მეორე ადგილზე მყოფ სალომე მელიასთან.ხოლო,  მესამე ადგილს  4,5 ქულით სოფიკო ხუხაშვილი  ინარჩუნებს.

პარტიები ანალიზით

ტექნიკური შედეგები

დებულება

ფოტოგალერეა

 

საერთაშორისო დიდოსტატ დავით ჯოჯუას მიმოხილვა:

 

VII ტური

ჯავახიშვილი–არაბიძე

შავებმა თითქმის გაათანაბრეს დებიუტში პოზიცია, თუმცა დებიუტიდან გასვლისთანავე მერიმ ძალიან საეჭვო მანევრი წამოიწყო ეa7,ლა8, რომლის შემდეგაც ეტლი a7-დან პარტიის ბოლომდე ვერ ჩაერთო თამაშში. თავის მხრივ ლელამ ზუსტად წარმართა თავისი თამაში ცენტრში და მეფის ფლანგზე და მეფეზე გამანადგურებელი შეტევით გაიმარჯვა.

ხოტენაშვილი–ხურციძე

პარტია თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა და საყაიმო ენდშპილშიც გადავიდა, თუმცა ნინომ 26 სვლაზე უხეში შეცდომა დაუშვა და პაიკი დაკარგა. ბელამ კარგი ტექნიკა გამოავლინა ზედმეტი პაიკის რეალიზების პროცესში და ისე, რომ მოწინააღმდეგისთვის შანსი არ მიუცია ყაიმის, გაიმარჯვა.

ხომერიკი–გავაშელი

თეთრებმა აგრესიულად გაითამაშეს დებიუტი, თუმცა შავებმა მოახერხეს მათი ინიციატივის განეიტრალება და კონტრშეტევაზეც გადავიდნენ. პარტია შავების დიდი უპირატესობით მიმდინარეობდა და არაერთი შანსი გაუშვა ანამ ხელიდან, პარტიის მის სასარგებლოდ დამთავრებისა. გადამწყვეტი იყო 57 სვლა, სადაც შავებს შეეძლოთ მფg8–ითპარტიაში გამარჯვება. ანას მიერ გაკეთებულმა სვლამ ნინოს საშუალება მისცა, ეტიუდური მოტივებით ნახევარი ქულა გადაერჩინა.

მელია–ვახანია

შავებმა ძალიან ცუდად გაითამაშეს დებიუტი და უკვე მეათე სვლაზე წაგებული პოზიცია მიიღეს. თუმცა შემდგომ სალომემ, რეალიზაცია ძალიან სუსტად ჩაატარა და ვერ შეძლო პარტიაში გამარჯვების მიღწევა. გამოვყოფ მეჩვიდმეტე სვლას, რომელიც ორივე მოჭადრაკეს გამორჩა მხედველობიდან. ელემენტარული ტაქტიკის (კh7) შემდეგ, შავები უნდა დანებებულიყვნენ

 ხუხაშვილი–ლომინეიშვილი

პარტია დაძაბულად, ორმხრივ თამაშში მიმდინარეობდა. საინტერესო შუა თამაშის შემდეგ გამოვიდა თანაბარი ენდშპილი, სადაც მაიამ ერთი უზუსტო სვლა (მფg7) გააკეთა, 42...მe5-ის შემდეგ პარტია ალბათ ყაიმით დასრულდებოდა,რითაც საშუალება მისცა სოფიკოს შეეწირა მხედარი ორ პაიკში, რომლის შემდეგაც თეთრების გამსვლელ პაიკებს უკვე ვეღარაფერი აკავებდა.

მიქაძე–გვეტაძე

პარტია შავების ინიციატივით მიმდინარეობდა და მათ სასარგებლოდაც უნდა დასრულებულიყო, რომ დაეტოვებინეთ 41 სვლაზე ეტლი მეორე ხაზზე. თუმცა გადამწყვეტ მომენტში სოფიომ რატომღაც უკან დაიხია და საშუალება მისცა მირანდას პარტია ყაიმით დაესრულებინა.

 

 

VIII ტური

ხომერიკი–ჯავახიშვილი

გათამაშდა ძალიან მწვავე ე.წ. ბოტვინიკის ვარიანტი, სადაც ჩემი აზრით შავებმა მცდარი გაგრძელება აირჩიეს 13...მb6-ის სახით, თუმცა თეთრების უზუსტობის შედეგად დიდ უპირატესობას დაეუფლნენ. ძლიერი გაგრძელება იყო თეთრებით 14de, პოლუგაევსკის ცნობილი პარტიის მიხედვით, რომელიც მან 1981 წელს ითამაშა ტორეს წინააღმდეგ. შემდგომში პოზიციის დაძაბულობიდან და სიმწვავიდან გამომდინარე მრავლად იყო შეცდომები. უკანასკნელად ლელა შეცდა 21 სვლაზე. მიუხედავად ცაიტნოტისა ნინომ შესძლო უპირატესობის ბოლომდე მიყვანა.

გვეტაძე–ხოტენაშვილი

შავებმა დებიუტში ადვილად გაათანაბრეს პოზიცია და ისარგებლას რა 15 სვლაზე თეთრების მიერ დაშვებული შეცდომით მიიღეს მცირე უპირატესობა. შემდგომ ბელამ დამაჯერებლად მოახდინა ამ უპირატესობის განვითარება და ყოველგვარი გართულებების გარეშე მოიპოვა გამარჯვება.

გავაშელი–ხურციძე

პარტია თანაბარ ორთაბრძოლაში დინამიურად მიმდინარეობდა. 26 სვლაზე შავებმა სერიოზული შეცდომა დაუშვეს და სერიოზული შანსი მისცეს თეთრებს პარტია მათ სასარგებლოდ დაემთავრებინათ. თუმცა ანამ ჯერ ეს შანსი ვერ გამოიყენა (არ ითამაშა 27კc4), ხოლო შემდეგ ცოტა უარეს პოზიციაში, ნინოს ეტლი დაუსვა და მაშინვე დანებდა.

 ვახანია–მიქაძე

თეთრებმა პასიურად გაითამაშეს დებიუტი, რითაც საშუალება მისცენ შავებს დაუფლებოდნენ სივრცეს და ინიციატივას. შუა თამაშში ალამ მეფეზე შეტევის განზრახვით, პაიკი შესწირა მირანდას, თუმცა კომპენსაცია პაიკში არ აღმოჩნდა საკმარისი და მირანდამ გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოახერხა უპირატესობის რეალიზება.

 ლომინეიშვილი–მელია

გათამაშდა ბენონის დაცვა. სადაც თეთრებმა გამოიყენეს საკმაოდ იშვიათი სვლა 7ლa4+, რაზეც შავები სათანადოდ მომზადებული აღმოჩნდნენ და სწორი თამაშით სადებიუტო ყოველგვარი პრობლემა მოხსნეს, რაც ესე იშვიათია ამ დებიუტისათვის. შემდგომ პარტია დინამიურად განვითარდა, მნიშვნელოვანი უზუსტობების გარეშე და თანაბარ პოზიციაში მეტოქეები ყაიმზე შეთანხმდნენ.

არაბიძე–ხუხაშვილი

შავებმა ტემპი დაკარგეს დებიუტში მეშვიდე სვლაზე, და საშუალება მისცენ თეთრებს მიეღოთ სადებიუტო უპირატესობა. გარკვეულ მომენტამდე მერი სწორად იყენებდა ორი კუს უპირატესობას, თუმცა ბოლოს ხარისხის მოგების სანაცვლოდ დათმო კუ, რაც აშკარად არასწორი გადაწყვეტილება იყო და ინიციატივა უკვე სოფიკოს მხარეს გადავიდა. ცაიტნოტში თეთრებმა წააგეს გამსვლელი პაიკიც და 40 სვლის კონტროლის გასვლის შემდეგ მძიმე პოზიციაში აღმოჩნდნენ. შემდგომ სოფიკომ ვერ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა უპირატესობის გაზრდისა, აღსანიშნავია დაცვაში მერის შეუპოვარი თამაშიც, და პარტია საბოლოოდ ყაიმით დასრულდა.

 

  • სათაური: ჯავახიშვილი პირველობას ინარჩუნებს!
  • ავტორი:
  • თარიღი: 03-04-2016 7:43 PM
  • Tags:
Top