ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ბათუმი 2018: ინტერვიუ ზურაბ აზმაიფარაშვილთან და გიორგი გიორგაძესთან

23 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით ბათუმი 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლებს. 
ბათუმმა უდიდესი საერთაშორისო ტურნირის მასპინძლობის უფლება 2014 წელს, ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (ფიდე) გენერალურ ასამბლეაზე მოიპოვა, სადაც 93 ხმა მიიღო, კონკურენტმა დურბანმა (სამხრეთ აფრიკა) კი 58. 
ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის 4-წლიანი მუშაობა დასასრულს უახლოვდება. საჭადრაკო ოლიმპიადასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ტურნირის დღეებში გასამართ ფიდე-ს და კონტინენტური ფედერაციების საპრეზიდენტო არჩევნებზე საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელები, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი, ოლიმპიადის მხარდამჭერი სამთავრობო კომისიის წევრი ზურაბ აზმაიფარაშვილი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გიორგაძე გვესაუბრებიან.

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის დაწყებამდე დაახლოებით ერთი თვე დარჩა. სექტემბრის შუა რიცხვებიდან საქართველოს 4 ათასამდე სტუმარი ეწვევა 189 ქვეყნიდან. ბათუმი პირველად მასპინძლობს ასეთ დიდ სპორტულ ღონისძიებას, მოლოდინი კი ძალიან დიდია. ჩვენმა ქვეყანამ, ასე ვთქვათ, საერთაშორისო გამოცდა უნდა ჩააბაროს. კმაყოფილნი ხართ ოლიმპიადის სამზადისით?

ზურაბ აზმაიფარაშვილი: ვფიქრობ, ყველაფერი იმ გეგმა-გრაფიკით მიდის, რომელიც დასახულია, თუმცა უმჯობესია ამ კითხვას გიამ გასცეს პასუხი, როგორც საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, რომელსაც ყოველდღიურ პულსზე უჭირავს ხელი...

გიორგი გიორგაძე: ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტი, რომელშიც ასამდე თანამშრომელია, უკვე გადავიდა 24-საათიან სამუშაო რეჟიმზე - ჩვენ ხომ უკანასკნელ ეტაპზე ვართ. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ სანერვიულო ნამდვილად არაფერია, ყველაფერი გათვალისწინებული გვაქვს და დასახულ გეგმას მივუყვებით. სხვათა შორის, ახლახანს დასრულდა მოხალისეთა შერჩევა. დაახლოებით 300-მდე მოტივირებული ახალგაზრდა დაგვეხმარება ოლიმპიადის დღეებში, ისინი მზად არიან საუკეთესო კუთხით წარმოაჩინონ ბათუმი და ზოგადად, საქართველო. 

ფიდე-ს ხელმძღვანელები ყველაზე მეტად დარბაზების გამო ნერვიულობდნენ. ორგანიზაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გეორგიოს მაკროპულოსმა თბილისში სტუმრობისას ჩვენთან ინტერვიუში ამის შესახებ განაცხადა კიდეც. დარბაზის მშენებლობა და კეთილმოწყობა უკვე დასრულდა?
გიორგი გიორგაძე:
 ამ მხრივ მართლაც იყო პრობლემა, თუმცა სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ შეუძლებელი შევძელით და 6 თვეში 2700კვ.მ-ანი სათამაშო სივრცე ავაგეთ. ახლა ბოლო ეტაპი მიმდინარეობს: დარბაზების დამაკავშირებელი სივრცე ეწყობა, მთლიანად კონსტრუქცია კი ოლიმპიადის ლოგოთი და ესკიზებით იფუთება. რამდენიმე დღეში სათამაშო დარბაზების დასუფთავებაც დაიწყება, შემდეგ კი საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია და ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი შესაბამის დოკუმენტებს გააფორმებს და დარბაზებს დროებით გადაიბარებს.

ბათუმში ფიდე-ს და კონტინენტური საჭადრაკო კავშირების საპრეზიდენტო არჩევნებიც გაიმართება. ბატონო ზურაბ, თქვენ ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი ბრძანდებით. ჩვენი ბოლო ინტერვიუს შემდეგ თუ შეიცვალა რამე თქვენს საარჩევნო კამპანიაში და ზოგადად, რა სიახლეებია ამ მიმართულებით?
ზურაბ აზმაიფარაშვილი:
 ცვლილებები არ მომხდარა, კვლავ გეგმის მიხედვით ვმუშაობთ. დარწმუნებული ვარ ევროპის საჭადრაკო კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩაივლის, ამის თქმის საფუძველს ესკ-ის დებულება მაძლევს, რომელიც შესანიშნავადაა შედგენილი და გაუგებრობას გამორიცხავს.

გიორგი გიორგაძე: მე ვიცი ის, რომ როგორც არ უნდა დამთავრდეს ესკ-ის საპრეზიდენტო არჩევნები, ზურაბ აზმაიფარაშვილი კიდევ 4 წელი იქნება პრეზიდენტი და ჩვენთვის ეს ძალიან საამაყოა!

ფიდე-ს პრეზიდენტ კირსან ილუმჟინოვის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო, ყველაზე დიდ ინტერესს ფიდე-ს საპრეზიდენტო არჩევნები იწვევს. კანდიდატებმა, გეორგიოს მაკროპულოსმა, არკადი დვორკოვიჩმა და ნაიჯელ შორტმა უკვე დაიწყეს საარჩევნო კამპანია, რომელიც ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, ნათელია რომ 3 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, ბათუმი საყოველთაო ყურადღების ცენტრში იქნება. ამის გათვალისწინებით ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღებას ხომ არ გეგმავს?

გიორგი გიორგაძე: ჭადრაკი ინტელექტუალური თამაშია და მეეჭვება საპრეზიდენტო სავარძლისთვის მებრძოლი კანდიდატები შეიარაღებულნი მოვიდნენ არჩევნებზე... ეს, რა თქმა უნდა ხუმრობით, უსაფრთხოების ზომებს კი აუცილებლად მივიღებთ. ჩვენ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები დაგვეხმარებიან, ეს ხომ მათი პირდაპირი პრეროგატივაა. 
ზურაბ აზმაიფარაშვილი: არჩევნებს ყოველთვის თან ახლავს დაძაბულობა, თუმცა მე არ მახსოვს არცერთი ასეთი ფორუმი, სადაც რაიმე გართულება მომხდარა. ვიმედოვნებ, გამონაკლისი არც ბათუმში დაგეგმილი არჩევნები იქნება. ჩვენთვის, როგორც ოლიმპიადის ორგანიზატორებისთვის, არამარტო პრეზიდენტობის კანდიდატები, ოლიმპიადის და კონგრესის ყველა სტუმარი ძვირფასია და სახელგანთქმულ ქართულ სტუმართმოყვარეობას აუცილებლად გამოვიჩენთ. 

საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩასატარებლად ფიდე-მ სპეციალური კომიტეტი ჩამოაყალიბა. როგორ ფიქრობთ, აისახა თუ არა ფიდე-ს ეს ნაბიჯი საპრეზიდენტო კანდიდატების საარჩევნო კამპანიაზე?
ზურაბ აზმაიფარაშვილი:
 რამდენიმე დღის წინ ხსენებულმა კომიტეტმა სკაიპ-მიტინგი გამართა, რის შემდეგაც თავმჯდომარემ გვაცნობა, რომ ეფექტური მუშაობისთვის მათ ფიდე-ს ეთიკის კომისიიდან დამატებითი უფლებამოსილება სჭირდებათ. ზოგადად, ჯერ არცერთი კანდიდატის საჩივარი არ დაფიქსირებულა, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ უშუალოდ არჩევნებამდე სიტუაცია შეიცვალოს. ჩვენ ხომ პროცესის დასაწყისს ვადევნებთ თვალს...

რა არის თქვენი, საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელების მთავარი გზავნილი არჩევნებში მონაწილე ყველა პირისადმი, კანდიდატი იქნება ის თუ დელეგატი?

გიორგი გიორგაძე: ფიდე-ს პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს ჩვენი ფედერაციის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტის სლოგანით მივმართავ: ითამაშე ჭადრაკი! სწორედ ეს იქნება ჩემი გზავნილი... ისე კი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საორგანიზაციო კომიტეტი ყველა კანდიდატს და დელეგატს თანაბარ პირობებს შეუქმნის. ვიმედოვნებ, ბათუმის არჩევნების შემდეგ მსოფლიოში ჭადრაკის განვითარებას ახალი სტიმული მიეცემა. 
ზურაბ აზმაიფარაშვილი: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გზავნილს მეც დავეთანმხები და დავამატებ: ფიდე-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მათ ბათუმში უმაღლეს დონეზე უმასპინძლებენ. ჩვენ, როგორც ოლიმპიადის ორგანიზატორები, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ თითოეულმა მათგანმა თავი მშობლიურ გარემოში იგრძნოს, თუმცა არჩევნების დასრულების შემდეგ ყველას ერთად მივიწვევთ ქართულ სუფრასთან, სადაც ჩვენთან ერთად დააგემოვნებენ „მეღვინეობა ხარებას“ საუკეთესო ღვინოებს,

ოლიმპიადის მონაწილე თითქმის ყველა ქვეყნის ნაკრების შემადგენლობა გამოცხადდა, საქართველოს ვაჟთა და ქალთა გუნდების წევრების შესახებ კი ჯერ არაფერი თქმულა. როდის გაცხადდება შემადგენლობა? როგორ ემზადებიან ნაკრების კანდიდატები?
გიორგი გიორგაძე:
 საქართველოს ვაჟთა და ქალთა ნაკრები გუნდების შემადგენლობა უკვე ცნობილია და ისინი ინტენსიურად ემზადებიან, რომ რაც შეიძლება კარგი შედეგი აჩვენონ. აქვე გეტყვით, რომ ჩვენს ქვეყანას, როგორც ოლიმპიადის მასპინძელს, უფლება აქვს რამდენიმე ნაკრები გამოიყვანოს და ამ უფლებით აუცილებლად ვისარგებლებთ... ოლიმპიადაზე ასპარეზობა, თან სამშობლოში, დიდი პატივია და მინდა ჩვენი ნაკრები გუნდების ყველა წევრს წარმატება ვუსურვო!

 

2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი

  • სათაური: ბათუმი 2018: ინტერვიუ ზურაბ აზმაიფარაშვილთან და გიორგი გიორგაძესთან
  • ავტორი:
  • თარიღი: 19-08-2018 12:49 AM
  • Tags:
Top