ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ბათუმი 2018: IV ტური - ლიდერთა შორის სიმჭიდროვეა

საფრანგეთის ნაკრები, რომელიც 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას სამი ტურის შემდეგ ერთპიროვნულად ლიდერობდა (დამატებითი მაჩვენებლით), მერვე ადგილზე დამკვიდრებულ ვიეტნამის ნაკრებს პირველ დაფაზე გაეჯიბრა.

ფრანგებმა მოიგეს, თუმცა არცთუ იოლად - 2,5:1,5. პირველ, მეორე და მესამე დაფებზე ყაიმი დაფიქსირდა და მხოლოდ მეოთხე დაფაზე გაიმარჯვა კრისტიან ბაუერმა, რომელმაც შავი ფიგურებით მოთამაშე ან ხოი ნგუენი დაამარცხა.
ტურის და, ალბათ, ოლიმპიადის ერთ-ერთი გამორჩეული პაექრობა კი მესამე დაფაზე ვიხილეთ: ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა სამი ტურის შემდეგ მესამე ადგილზე დამკვიდრებულ ინდოეთს 2,5:1,5 სძლია.
ამერიკელებს გამარჯვება ფაბიანო კარუანამ მოუტანა, რომელმაც მსოფლიოს ექს-ჩემპიონს, სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, ბათუმი 2018-ის კეთილი ნების ელჩს ვიშვანათან ანანდს პირველ დაფაზე სძლია. დანარჩენი სამი პარტია ყაიმით დასრულდა.
კარუანასთვის ეს ამ ოლიმპიადაზე პირველი გამარჯვებაა: საწყის ტურში მას არ უთამაშია, მომდევნო ორ დღეს კი ჯერ საქართველოს მეორე ნაკრების წევრ ნოე თუთისანთან გაიყო ქულა, ხოლო გუშინ ჰოლანდიელ ანიშ გირისთან.
მეოთხე სათამაშო დღის მთავარ მოულოდნელობად ოლიმპიადაზე მეორე ნომრად განთესილი რუსეთის ოთხეულის პოლონეთთან მარცხი უნდა მივიჩნიოთ - 1,5:2,5. თავდაპირველად რუსეთი დაწინაურდა: პირველ დაფაზე სერგეი კარიაკინმა და იან კრჟიშტოფ დუდამ გაიყვეს ქულა, მეორე დაფაზე კი იან ნეპომნიაშჩიმ რადოსლავ ვოიტაშეკს მოუგო - 0,5:1,5 - თუმცა, მესამე და მეოთხე დაფებზე შედარებით გვიან დასრულებული ორივე პარტია პოლონელთა გამარჯვებით დასრულდა: იაჩეკ ტომჩაკმა ვლადიმირ კრამნიკს სძლია, შავი ფიგურებით მოთამაშე კამილ დრაგუნმა კი დმიტრი იაკოვენკო დააშამათა.
ის, რომ პოლონეთის ნაკრებმა ოთხივე ტურში გაიმარჯვა და სადღეისოდ ლიდერთა შორისაა, დიდწილად სწორედ იაჩეკ ტომჩაკის და კამილ დრაგუნის დამსახურებაა. ორივემ ყველა პარტია მოიგო: ტომჩაკმა სამიდან სამი, დრაგუნმა - ოთხიდან ოთხი!
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა ისრაელმა, რომელმაც შვედეთს სძლია - 3:1. მაქსიმ როდშტეინმა, ტამირ ნაბატიმ და ილია სმირინმა მეორე, მესამე და მეოთხე დაფებზე, შესაბამისად, ტიგერ ჰილარპ პერსონს, ჰანს ტიკანენს და ერიკ ბლომკვისტს სძლიეს, ხოლო პირველ დაფაზე თეთრი ფიგურებით მოთამაშე ბორის გელფანდი მოულოდნელად დამარცხდა ნილს გრანდელიუსთან.
50 წლის გელფანდი, ვინც სხვადასხვა დროს ექვსჯერ იყო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის კანდიდატი, ბათუმი 2018-ის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშე გახლავთ - ის მეთორმეტედ ასპარეზობს საჭადრაკო ოლიმპიადაზე. აქვე გეტყვით, რომ გელფანდის აქტივში 1990 წელს, ნოვი სადში, მისთვის სადებიუტო ოლიმპიადაზე მოგებული ოქროს მედალიცაა, თუმცა ის მაშინ საბჭოთა კავშირის ნაკრების ღირსებას იცავდა...
ქალთა შორის კვლავ მშვენივრად ასპარეზობს რეიტინგის მესამე ნომერი ჩინეთი. ვენჟუნ ჟუს, იან შენის, კიან უანის და ტინჟიე ლეის ოთხეულმა პირველ დაფაზე უზბეკეთს სძლია - 3:1. ჩინელებმა პირველ და მეორე დაფებზე გაიმარჯვეს, დანარჩენი ორი პარტია კი ყაიმით დასრულდა.
სომხეთის ნაკრები სამი ტურის შემდეგ ჩინეთთან იყოფდა პირველ ადგილს. სომხებმა კვლავ მოიგეს, თუმცა იტალიასთან გაუჭირდათ - 2,5:1,5. პირველ დაფაზე შავი ფიგურებით მოთამაშე ელინა დანიელიანმა ოლგა ზიმინას სძლია, ლილიტ მკრტჩიანმა ელენა სედინა დაამარცხა, მესამე დაფაზე ანა სარქისიანს დეზირე დი ბენედეტოსთან მოეცარა ხელი, მეოთხე დაფაზე კი მარია კურსოვამ მარინა ბრუნელოსთან გაიყო ქულა.
მეოთხე მატჩი მოიგო მონღოლეთმაც, ამჯერად ირანთან - 3:1. მიუხედავად იმისა, რომ პირველ დაფაზე ბახტიაგ მუნგუნტუულმა ქულა გაუყო სარასადატ ხადემალშარიეს, მომდევნო დაფებზე კარგად დაწყებული საქმე მონღოლებმა გამარჯვებით დაასრულეს: დავაადემბერელ ნომინ-ერდენემ მიტრა ჰეიაზიპურს, ტურმუნხ მუნხზულმა მობინა ალინასაბს, ხოლო ტუვშინტუგს ბატჩიმეგმა მოტაჰარე ასადის სძლიეს.
შეუდარებლად ითამაშა უკრაინელ გოგონათა ოთხეულმა, რომელმაც სლოვენიას 4:0 მოუგო. შეგახსენებთ, რომ ეს ნაკრები დების, ანა და მარია მუზიჩუკების, ასევე ანა უშენინას და ლილია ოსმაკის შემადგენლობით ქალთა მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერია.
ხაზგასასმელია მეორე დაფაზე მოასპარეზე მარია მუზიჩუკის და მეოთხე დაფაზე გამწესებული ლილია ოსმაკის სტატისტიკა: პირველმა სამიდან სამი პარტია მოიგო (მას მეორე ტურში არ უთამაშია), ოსმაკმა კი ოთხიდან მესამედ დააშამათა მეტოქის მეფე (მეორე ტურში მან ქულა გაუყო თურქმენ ლალა მოშრადოვას).

რუსეთის ნაკრებმა, რომელმაც მეორე ტურში უზბეკეთთან მოულოდნელი წაგებით მკვეთრად გაიუარესა მდგომარეობა, ზედიზედ მეორედ მოიგო, ამჯერად ისრაელთან - 3:1.
რუსთა ოთხეულიდან კვლავ ჩინებულად ითამაშეს ვალენტინა გუნინამ (მეორე დაფა) და ოლგა გირიამ (მეოთხე დაფა). პირველმა მარსელ ეფროიმსკის სძლია და ბათუმში ნათამაშევი მეოთხე პარტიიდან მესამე მოიგო (ერთიც ყაიმი), გირიამ კი ოლგა გუტმახერს აჯობა და ასპროცენტიანი სვლა განაგრძო - სამიდან სამი ქულა. დანარჩენი ორი პარტია ყაიმით დასრულდა.
ხვალ, 28 სექტემბერს მეხუთე ტურის შეხვედრები გაიმართება, 29 სექტემბერს კი ოლიმპიადის მონაწილეები დაისვენებენ.
 
ლაშა გოდუაძე
2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი

  • სათაური: ბათუმი 2018: IV ტური - ლიდერთა შორის სიმჭიდროვეა
  • ავტორი:
  • თარიღი: 28-09-2018 1:16 AM
  • Tags:
Top