ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ბათუმი 2018: ოლიმპიადა დაიწყო!

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა, რომელსაც ბათუმი მასპინძლობს, დღეს დაიწყო.
პირველი სიმბოლური სვლა საქართველოს ვაჟთა პირველი ნაკრების ლიდერის ბაადურ ჯობავას დაფაზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეასრულა.
საქართველოს პირველმა ნაკრებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გუნდი 3,5:0,5 დაამარცხა. ვერ გაიმარჯვა მხოლოდ ჯობავამ, რომელმაც დიდოსტატ იეჰუდა გრუნფელდთან ყაიმი ითამაშა, დანარჩენებმა კი მოიგეს: მიხეილ მჭედლიშვილმა ვიქტორ ვარეჟკინი დაამარცხა, ლევან ფანცულაიამ ლუის მარტინი, დავით ჯოჯუამ კი ტომას იანკუნასს სძლია.
საქართველოს ვაჟთა მეორე გუნდმა ასევე 3,5:0,5 აჯობა ლიხტენშტაინს, მესამე ნაკრების წევრებმა კი მაკაოელ მეტოქეებთან პაექრობაში ოთხივე დაფაზე გაიმარჯვეს.

„გუშინდელი ზღაპრული სანახაობის შემდეგ განწყობა, რა თქმა უნდა დიდებულია, თუმცა ერთია გახსნის ცერემონია და მეორე უშუალოდ სპორტული მხარე. მიუხედავად იმისა, რომ შეჯიბრების პირველი დღეა და ხარვეზებსაც ვხედავთ, ყველანი დარწმუნებულნი ვართ, რომ ორ-სამ დღეში ყველაფერი ჩინებულად იქნება. ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი შეუსვენებლად მუშაობს სასურველი შედეგის მისაღწევად, ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც სპორტსმენების გამოსვლაა. იმედია ჩვენი გუნდები გამარჯვებებით გაგვახარებენ“, - განაცხადა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა და ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა გიორგი გიორგაძემ.

საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერის ნანა ძაგნიძის დაფაზე პირველი სიმბოლური სვლა განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გააკეთა 

ქალთა პირველმა გუნდმა კორეელებს 3:1 სძლია: ნანა ძაგნიძემ ჩენია ვანი დაამარცხა, ბელა ხოტენაშვილმა სეიეონ ლის მოუგო, მერი არაბიძემ იუბინ კიმს აჯობა, ლელა ჯავახიშვილს კი, სამწუხაროდ, როზა ეინულასთან ხელი მოეცარა.

ქართველ გოგონათა მეორე ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას 4:0 სძლია, მესამე ნაკრებმა კი ამავე ანგარიშით მოუგო სეიშელის კუნძულების გუნდს.

ბათუმში ვაჟთა შორის პირველ ნომრადაა განთესილი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები. ოლიმპიურმა ჩემპიონებმა (ამერიკელებმა ორი წლის წინ ბაქოში მოიგეს საჭადრაკო ოლიმპიადა) ბათუმი 2018-იც შთამბეჭდავად დაიწყეს: ოთხივე დაფაზე სძლიეს 89-ე ნომრად განთესილ პანამელებს.
ასევე 4:0 მოიგო ორი წლის წინანდელი ოლიმპიადის მესამეადგილოსანმა, ბათუმში მეორე ნომრად განთესილმა რუსეთის ნაკრებმა, რომელმაც უგანდა (90-ე) დაამარცხა. წინა ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა უკრაინამ, რომელსაც ამჟამად რეიტინგში მე-6 ადგილი უჭირავს, 3,5:0,5 სძლია ზამბიას.
მეორე ტურში ამერიკელები საქართველოს მესამე ნაკრებს დაუპირისპირდებიან, რუსეთის მეტოქე ირლანდია იქნება, უკრაინელები კი უზბეკების დამარცხებას შეეცდებიან. რაც შეეხება საქართველოს დანარჩენ გუნდებს: პირველი ნაკრების მეტოქე ნორვეგიაა, მეორისა კი დანია.
ქალთა რეიტინგის ლიდერმა რუსეთის ნაკრებმა საწყის ტურში 3,5:0,5 სძლია კოსტა რიკას, მეორე ნომრად განთესილი უკრაინის წარმომადგენლებმა კი ოთხივე დაფაზე სძლიეს მონაკოელ მეტოქეებს. ბათუმში მესამე ნომრადაა განთესილი ქალთა შორის მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ჩინეთი, რომელმაც I ტურში ტაჯიკეთს 3,5:0,5 მოუგო.
მეორე ტურში ჩინელთა მეტოქე კოლუმბია იქნება, უკრაინელები თურქმენებს გაეჯიბრებიან, რუსები კი უზბეკებს.

საქართველოს ქალთა ნაკრებ გუნდებს შემდეგი მეტოქეები ერგოთ: პირველს - ნორვეგია, მეორეს - შვედეთი, მესამეს კი გერმანია.
მეორე ტურის შეხვედრებიც 15 საათზე დაიწყება.

  • სათაური: ბათუმი 2018: ოლიმპიადა დაიწყო!
  • ავტორი:
  • თარიღი: 25-09-2018 2:50 AM
  • Tags:
Top