ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ბათუმი 2018: ოლიმპიადა გრანდიოზული შოუთი გაიხსნა!

 

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა დიდებული შოუთი გაიხსნა!
საზეიმო ცერემონიას, რომელიც დაბა შეკვეთილში, „ბლექ სი არენაზე“ გაიმართა, ოლიმპიადის მონაწილეები, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის და 185 ქვეყნის საჭადრაკო კავშირების პრეზიდენტები, ოფიციალური პირები და გულშემატკივრები დაესწრნენ.
მასშტაბურ ღონისძიებაზე დაახლოებით ათასმა ადამიანმა იმუშავა. სანახაობა მართლაც რომ დაუვიწყარი გამოდგა, რაც უამრავმა სტუმარმა აღნიშნა. მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონმა, საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის ტრიუმფატორმა, ბათუმი 2018-ის კეთილი ნების ელჩმა ნონა გაფრინდაშვილმა განაცხადა: „ყველაფერი იწყება გახსნით. ძალიან ბევრ ოლიმპიადას დავსწრებივარ, მაგრამ მსგავსი გახსნა არ ყოფილა არსად. უცხოელებსაც რომ ველაპარაკე, ყველანი აღფრთოვანებულები არიან და მე, როგორ ქართველი  და მასპიძელი - ამაყი! ემოციებით ვარ დატვირთული! ამ სანახაობაში ყველაფერი იყო: ჭადრაკის ისტორია, ჩვენი კუთხე... რეჟისორებმა ძალიან მაგრად იმუშავეს“!

ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიისთვის მუსიკა ნიკოლოზ რაჭველმა და DJ კორძიმ დაწერეს, საბალეტო ნომერი ნინო ანანიაშვილმა დადგა, ახალი ცეკვით წარსდგა შეკრებილი საზოგადოების წინაშე ანსამბლი „სუხიშვილები“, რომელზეც ილიკო სუხიშვილმა იმუშავა.
გახსნის ცერემონიამ გააერთიანა როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე კულტურის წარმომადგენლები. „ბლექ სი არენაზე“ მისულმა სტუმრებმა სცენაზე იხილეს ნინო ქათამაძე, ლადო ათანელი, ლიზა ბაგრატიონი, გიორგი უშიკიშვილი, გიორგი ცაგარელი, ნიკა კოჩაროვი და Young Georgian Lolitaz, ფოლკლორული ანსამბლი „ლაშარი“, აჭარის სახელმწიფო კაპელა და, ბუნებრივია, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ასევე ილიკო სუხიშვილის და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო დასი.

ცერემონიისთვის განკუთვნილი ბუკლეტის ტექსტი პოპულარულმა მწერალმა აკა მორჩილაძემ დაწერა.
საზეიმო ცერემონიის დამდგმელი რეჟისორი ზაალ ჩიქობავა გახლდათ, მხატვარი - თამარ ფოცხიშვილი, მუსიკალური ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი, დამდგმელი ქორეოგრაფი კი ილიკო სუხიშვილი.

„ბლექ სი არენაზე“ შეკრებილ სტუმართა შორის იყვნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. მათ გარდა სტუმრებს ჭადრაკის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, FIDE-ს პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა გეორგიოს მაკროპულოსმაც მიმართა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა: „მოგესალმებით 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მონაწილეებო, სპორტსმენებო, მწვრთნელებო, ჩვენი ქვეყნის სტუმრებო, ძვირფასო გულშემატკივრებო!
საქართველო და მისი ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი ბათუმი უდიდეს სპორტულ ღონისძიებას მასპინძლობს: საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში ჩვენს ქვეყანას არნახულად ბევრი, 185 ქვეყნის 4 ათასამდე წარმომადგენელი სტუმრობს. საქართველოში არასდროს ჩატარებულა ასეთი წარმომადგენლობითი სპორტული ტურნირი და ამიტომ, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ოლიმპიადა არა მხოლოდ ჩვენი მოჭადრაკეებისთვის, მთელი ქვეყნისთვისაა დიდი გამოწვევა.
ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავამტკიცოთ რომ 

მსოფლიო ოჯახის სრულუფლებიანი წევრი ვართ და უმაღლეს დონეზე შეგვიძლია მსგავსი მასშტაბის ტურნირების ღირსეულად მასპინძლობა. საქართველო ხომ ოდითგანვე ცნობილია სტუმართმოყვარეობით. დარწმუნებული ვარ ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი, ასევე საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ღირსეულად გაართმევს თავს ამ ამოცანას.
ჭადრაკი, ეს ძალიან საინტერესო თამაში ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ ლეგენდარული ჩემპიონებით: ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი და ქალბატონი მაია ჩიბურდანიძე 5-5-ჯერ ფლობდნენ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს, საერთო ჯამში საჭადრაკო დედოფლის გვირგვინი 30 წლის განმავლობაში საქართველოში ინახებოდა! დამეთანხმებით, ეს არნახული წარმატებაა, რომლითაც მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა იამაყებდა. მინდა ვისურვო, რომ უახლოეს ხანებში საქართველომ კიდევ ერთხელ გაიხაროს მსოფლიო ჩემპიონობით.
ოლიმპიადა გუნდური შეჯიბრებაა და ქართული ჭადრაკის ისტორიას არაერთი ტრიუმფი ახსოვს: საქართველოს დროშის ქვეშ მოგებული 4 ოლიმპიადა, მსოფლიოს ჩემპიონობა... მესმის, რომ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ასპარეზობა ორმაგად საპასუხისმგებლო და რთულია, მაგრამ შინ გამარჯვებით გამოწვეული სიხარულიც უდიდესია.
მსურს საქართველოს ვაჟ და ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებ გუნდებს წარმატებული ასპარეზობა ვუსურვო, აჭარის, ბათუმის სტუმრებსა და ოლიმპიადის მონაწილეებს კი სასიამოვნო დღეების გატარება“.

ოლიმპიადა დღეს, 24 სექტემბერს, 15 საათიდან დაიწყება. ტურნირი 5 ოქტომბერს დასრულდება.

ოლიმპიადის დღეებში გაიმართება ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის - FIDE - და კონტინენტური საჭადრაკო კავშირების საპრეზიდენტო არჩევნები.
FIDE-ს პრეზიდენტის თანამდებობისთვის 3 კანდიდატი იბრძვის: პრეზიდენტის მოვალეობის 

შემსრულებელი გეორგიოს მაკროპულოსი (საბერძნეთი), არკადი დვორკოვიჩი (რუსეთი) და ნაიჯელ შორტი (დიდი ბრიტანეთი). FIDE-ს საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს შედგება.
ევროპის საჭადრაკო კავშირის - ECU - პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ზურაბ აზმაიფარაშვილი, რომელიც ამ თანამდებობაზე 2014 წლიდან მოღვაწეობს.
ოლიმპიადის დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ გამოვლინდება ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი. ეს ჯილდო ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ (FIDE) 1997 წელს დააწესა. 1998 წლის საჭადრაკო ოლიმპიადიდან დაწყებული „ნონას თასი“ გადაეცემა იმ ქვეყნის ჭადრაკის ფედერაციას, რომლის ვაჟთა და ქალთა ნაკრები გუნდები საერთო ჯამში ყველაზე მეტ ქულას დააგროვებენ.

 

  • სათაური: ბათუმი 2018: ოლიმპიადა გრანდიოზული შოუთი გაიხსნა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 24-09-2018 4:47 AM
  • Tags:
Top