ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ბათუმი 2018: VII ტური - მწვერვალზე დამკვიდრება რთულია

ზედიზედ ექვსი გამარჯვების შემდეგ აზერბაიჯანის და პოლონეთის ვაჟთა ნაკრები გუნდები დღეს პირველ მაგიდას მიუსხდნენ. ლიდერთა დაპირისპირება ფრედ 2:2 დასრულდა. 
ოლიმპიადის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტთან (აზერბაიჯანი ბათუმში მეოთხე ნომრადაა განთესილი) მოპოვებული ქულა პოლონეთისთვის, რომელიც რეიტინგში მეთერთმეტეა, ტურნირის დაწყებამდე უდავოდ წარმატებად ჩაითვლებოდა, მაგრამ განვლილი დღეების განმავლობაში ამ ოთხეულმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ არათუ ლიდერთა შორის დამკვიდრებას, მედლებისთვის ბრძოლას აპირებს. შესაბამისად, მათი სტაბილურად თავდადებული ბრძოლა გასაკვირი აღარაა. 
მეტოქეების ყაიმით შესანიშნავად ისარგებლა ტურნირის პირველმა ნომერმა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა, რომელიც განვლილ ექვს ტურში ხუთი გამარჯვებით და ერთი ფრით მესამე იყო: მათ ხორვატები დაამარცხეს - 3:1. 
კვლავ შეუდარებელია რეიტინგის ლიდერთა მეორე ნომერი უესლი სო. ის, ჯერჯერობით, შეუცვლელად ასპარეზობს ბათუმში და შვიდი შესაძლებლობიდან ექვსი ქულით (ხუთი გამარჯვება, ორი ყაიმი) დაფის ლიდერთა შორისაა.

ვაჟთა პაექრობებიდან აღნიშვნას იმსახურებს გერმანიის და ჰოლანდიის, ასევე ჩეხეთისა და ისრაელის დაპირისპირებები. ორივე მატჩი 2:2 დასრულდა. VII ტურის შემდეგ გერმანიის და ისრაელის ნაკრები გუნდები კვლავ უძლეველები არიან, მაგრამ მხოლოდ ოთხი გამარჯვების გამოისობით, დაწინაურებულებს გვარიანად ჩამორჩებიან. 
ორტურიანი შესვენების შემდეგ მოიგო საფრანგეთმაც - 3:1 უნგრეთთან. საწყისი ოთხი ტურის შემდეგ ფრანგებს ასპროცენტიანი შედეგი ჰქონდათ, თუმცა შემდეგ პოლონელებთან წააგეს (1:3), გუშინ კი ინგლისთან დაკარგეს ქულა - 2:2. 
დღეს ფრანგთა მთელმა გუნდმა სტაბილურად იასპარეზა, თუმცა პირველ დაფაზე გამწესებული მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი უნდა გამოვარჩიოთ, რომელმაც შავი ფიგურებით მოუგო პეტერ ლეკოს. ვაშიე-ლაგრავი გუნდის ნამდვილი ლიდერია: ოთხი გამარჯვება და ორი ყაიმი, რასაც ვერ ვიტყვით მეორე და მესამე დაფებზე მოასპარეზე ეტიენ ბაკროსა და ლორენ ფრესინეზე. ბოლო ოთხი პარტიიდან მათ ერთიც ვერ მოიგეს. 
ქალთა ტურნირში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს სომხებმა, რომლებმაც ექვსი ტურის შემდეგ პირველ ადგილზე დამკვიდრებულ ამერიკელებს სძლიეს - 2,5:1,5. 
ელენა დანიელიანმა და ანა სარქისიანმა თეთრი ფიგურებით აჯობეს ანა ზატონსკიჰს და საბინა-ფრანჩესკა ფოისორს, ლილიტ მკრტჩიანმა კი მეორე დაფაზე შავებით გაუყო ქულა ირინა კრუშს. ამ უკანასკნელისთვის ეს პირველი ყაიმია ბათუმში: აქამდე გამართული ხუთი პარტიიდან მან ყველა თავის სასარგებლოდ დაასრულა. 
გაიმარჯვა ჩინეთმაც და სატურნირო ცხრილში ამერიკას გადაასწრო. მსოფლიოს ერთ-ერთმა უძლიერესმა გუნდმა ჰოლანდიას მოუგო - 3:1. 
საინტერესო პარტია გათამაშდა პირველ დაფაზე, სადაც მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, 27 წლის ვენჟუნ ჟუმ თეთრი ფიგურებით დააშამათა 50 წლის თანამემამულე, 1996 წლიდან ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე ჟაოკინ პენი. შეგახსენებთ, რომ პენმა წლების წინ სამჯერ გაიმარჯვა ჩინეთის ჩემპიონატში (პირველად შორეულ 1987 წელს), ჰოლანდიაში გადაბარგების შემდეგ კი თოთხმეტჯერ(!) გახდა ამ ქვეყნის უძლიერესი მოჭადრაკე ქალი, მათ შორის 2000-2011 წლებში ზედიზედ თორმეტჯერ! 
მიჯრით ორი ფრის შემდეგ (საქართველოს პირველ ნაკრებთან და ჩინეთთან) გაიმარჯვა უკრაინამ, რომელმაც ირანის წინააღმდეგობა დაძლია. რეიტინგის მეორე ნომერმა მეტოქეს 2,5:1,5 სძლია. პირველ, მესამე და მეოთხე დაფებზე ყაიმი დაფიქსირდა და მხოლოდ მეორე დაფაზე გაიმარჯვა დიდოსტატმა, მსოფლიოს ექს-ჩემპიონმა მარია მუზიჩუკმა. 
ქალთა რეიტინგის ლიდერი რუსეთი კი არასტაბილურ თამაშს განაგრძობს - გამარჯვებებს მარცხს უნაცვლებს, რის გამოც ცხრილის სათავეში დამკვიდრებას ვერ ახერხებს. 
გუშინ სომხეთთან წაგების შემდეგ - 1:3, რუსებმა დღეს ბერძნებს აჯობეს ამავე ანგარიშით. ალექსანდრა კოსტენიუკის, ალექსანდრა გორიაჩკინას, ვალენტინა გუნინას და ოლგა გირიას ოთხეულიდან მხოლოდ გუნინა დამარცხდა - მას თეთრებით აჯობა ანასტასია ავრამიდუმ. 

ლაშა გოდუაძე
2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი

  • სათაური: ბათუმი 2018: VII ტური - მწვერვალზე დამკვიდრება რთულია
  • ავტორი:
  • თარიღი: 02-10-2018 2:00 AM
  • Tags:
Top