ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

'ნონას თასი' - რუსთავს ეწვია

საჭადრაკო ოლიმპიადის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჯილდოს „ნონას თასის“ საქართველოში მოგზაურობა გრძელდება. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის და ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის გარდამავალი თასი თელავის შემდეგ რუსთავში გამოიფინა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს გიორგი გიორგაძეს, ოლიმპიადის თილისმას, კუ ბათუსა თართლშტაინს და 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს რუსთავის პარკში ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, გულშემატკივრებმა და ნორჩმა მოჭადრაკეებმა უმასპინძლეს.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენი სახელოვანი ჩემპიონის, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალის, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ეს ლამაზი ჯილდო დღეს აქ, რუსთავშია გამოფენილი. დღევანდელი აქცია ბათუმში დაგეგმილი ოლიმპიადის პოპულარიზაციას ემსახურება და მსურს ყველა თქვენგანი, ჭადრაკის მოყვარულები, მათ შორის პატარა მოჭადრაკეები, შემოდგომით ბათუმში მიგიპატიჟოთ. ჩვენ ძალიან დიდ და მნიშვნელოვან ტურნირს ვმასპინძლობთ, რაც დარწმუნებული ვარ, ჭადრაკის ყველა მოყვარულისთვის უდიდესი ზეიმი იქნება. საქართველოში ასეთი მასშტაბური სპორტული ღონისძიება არასდროს ჩატარებულა: ჩვენს ქვეყანას 4 ათასამდე სტუმარი ეწვევა 189 ქვეყნიდან! 23 სექტემბერს ოლიმპიადა გრანდიოზული ცერემონიით გაიხსნება და აქვე ყველას გეპატიჟებით ულამაზეს სანახაობაზე“, - განაცხადა გიორგი გიორგაძემ.

„ნონას თასის“ მასპინძლობა ჩვენი ქალაქისთვის დიდი პატივია. მიხარია, რომ დღევანდელ ღონისძიებას ამდენი პატარა ესწრება. ვიმედოვნებ, მათ შორის მომავალი ჩემპიონებიც არიან... რამდენადაც ვიცი, ეს ჯილდო უკვე 20 წელია რაც ოლიმპიადებზე თამაშდება. ჩინებული იქნება, თუ ბათუმის ოლიმპიადის შემდეგ ის კვლავ საქართველოში დარჩება“, - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ, რომელსაც გიორგი გიორგაძემ ოლიმპიადის სიმბოლიკით დამშვენებული სუვენირები უსახსოვრა.

„ნონას თასის“ გარდა პარკში ოლიმპიადის დროშაც გამოიფინა, ასევე ქართული ჭადრაკის დიდების ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო.

საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრმა, საერთაშორისო დიდოსტატმა ლუკა პაიჭაძემ ერთდროული თამაშის სეანსი ჩაატარა, საჭადრაკო ვიქტორინის გამარჯვებულები კი ბათუმი 2018-ის მაისურებით დაჯილდოვდნენ.

ოლიმპიადის დაწყებამდე (23 სექტემბერი) „ნონას თასი“ საქართველოს ყველა კუთხეს მოივლის. პრესტიჟული ჯილდო 23 ივნისს თბილისში, კუს ტბაზე გამოიფინება. 
„ნონას თასი“ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ - FIDE - 1997 წელს დააწესა. 1998 წლის ოლიმპიადიდან დაწყებული ის იმ ქვეყანას გადაეცემა, რომლის მამაკაცთა და ქალთა ნაკრები გუნდები ოლიმპიადაზე ჯამში ყველაზე მეტ ქულას დააგროვებენ.

2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი

  • სათაური: 'ნონას თასი' - რუსთავს ეწვია
  • ავტორი:
  • თარიღი: 21-06-2018 2:13 AM
  • Tags:
Top