ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ოლიმპიური დღე კუს ტბაზე

2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი 23 ივნისს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივას შეუერთდა და სხვადასხვა სპორტულ ფედერაციებთან ერთად თბილისში, კუს ტბაზე საერთაშორისო ოლიმპიური დღე იზეიმა.

ბათუმი 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას 23 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს, მანამდე კი ტურნირის ცნობადობის ამაღლებისთვის არაერთი ღონისძიება ეწყობა. დღეს კუს ტბაზე მისულ გულშემატკივრებს და ჭადრაკის მოყვარულებს ბათუმის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა საინფორმაციო ბუკლეტები გადასცა, ასევე მოეწყო ქართული ჭადრაკის დიდების ამსახველი ფოტოგამოფენა, ღონისძიების კულმინაცია კი ოლიმპიადის თილისმის, კუ ბათუსა თართლშტაინის გამოჩენა იყო. სხვებთან ერთად ბათუსასთან სამახსოვრო ფოტო გადაიღეს ოლიმპიურმა ჩემპიონებმა დავით გობეჯიშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა - სეული 1988), კახი კახიაშვილმა (ძალოსნობა - ბარსელონა 1992, ატლანტა 1996, სიდნეი 2000) და გიორგი ასანიძემ (ძალოსნობა - ათენი 2004).

„მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მასპინძლობა ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პატივი და ამავდროულად, სერიოზული გამოწვევაა. საქართველოში არასდროს გამართულა ამ მასშტაბის სპორტული ღონისძიება - 23 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით ბათუმს 189 ქვეყნიდან დაახლოებით 4 ათასამდე სტუმარი ეწვევა. მჯერა, რომ 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი უმაღლეს დონეზე ჩაატარებს ამ დიდ და პრესტიჟულ საერთაშორისო შეჯიბრებას“, - განაცხადა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ.

ბათუმი 2018-ის ეგიდით საქართველოში „ნონას თასის“ მოგზაურობაც გრძელდება. ლეგენდარული მოჭადრაკის, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის, ბათუმი 2018-ის კეთილი ნების ელჩის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ეს გარდამავალი ჯილდო უკვე გამოიფინა თელავსა და რუსთავში, რამდენიმე დღეში კი „ნონას თასს“ მცხეთელი და სტეფანწმინდელი გულშემატკივრები იხილავენ.

„ნონას თასი“ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ - FIDE - 1997 წელს დააწესა. 1998 წლის ოლიმპიადიდან დაწყებული ის იმ ქვეყანას გადაეცემა, რომლის მამაკაცთა და ქალთა ნაკრები გუნდები ოლიმპიადაზე ჯამში ყველაზე მეტ ქულას დააგროვებენ.

2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი

  • სათაური: ოლიმპიური დღე კუს ტბაზე
  • ავტორი:
  • თარიღი: 24-06-2018 12:17 PM
  • Tags:
Top