ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

'პირველი რესპუბლიკის თასი', ნონას თასის მოგზაურობა და ლაშა ტალახაძე

31 მაისს თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ საინტერესო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელმაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ჭადრაკის გარშემო გააერთიანა. ქართულმა საზოგადოებამ ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადისკენ კიდევ ერთი სვლა გადადგა. სწორედ ამ დღიდან დაიწყო ნონას თასის საქართველოს რეგიონებში მოგზაურობა.

ქართველი დიდოსტატის და ლეგენდარული მოჭადრაკის ნანა ალექსანდრიასა და ქართველი დიდოსტატისა და მსოფლიოს რამდენიმეგზის ჩემპიონის საჭადრაკო კომპოზიციაში დავით გურგენიძის ძალისხმევით მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში პირველი რესპუბლიკის თასი დაარსდა, რომლის მოსაპოვებლადაც 16 გუნდი იბრძოდა (მსახიობები, მხატვრები, მწერლები, მეცნიერები, ბიზნესმენები...).

განსაკუთრებით დაძაბული აღმოჩნდა ნახევარფინალი, როცა ერთმანეთის პირისპირ მწერლების ორი გუნდი - „აზმაი“ და „მწერლები“ - აღმოჩნდა. საბოლოოდ, პირველი რესპუბლიკის თასი მწერლების ამავე სახელწოდების გუნდმა მოიპოვა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ნანა ალექსანდრიას წიგნი „ისტორია ფოტოებში“, საჭადრაკო თემატიკაზე შექმნილი ნეიკო ნეიძის ნახატები, ქეთი მატაბელის გამორჩეული საჭადრაკო დაფა და ქართული ჭადრაკის წარმატების ამსახველი ფოტოკოლაჟები. 

საღამოს დასაწყისშივე ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩად მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მამაკაცი, ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე დაასახელეს. ყველამ ერთად კი ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ წარუდგინეს თასი, რომელიც ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილის სახელს ატარებს და რომლის მოგზაურობაც საქართველოს რეგიონებში ამ დღიდან დაიწყო.

ფოტოგალერეა

  • სათაური: 'პირველი რესპუბლიკის თასი', ნონას თასის მოგზაურობა და ლაშა ტალახაძე
  • ავტორი:
  • თარიღი: 01-06-2018 7:35 PM
  • Tags:
Top