ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

'პირველი სვლა ბათუმში'!

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის და ფიდე-ს რეგიონული წარმომადგენლობის ძალისხმევით 13 მაისს ბათუმში, ევროპის მოედანზე ოლიმპიადისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

„პირველი სვლა ბათუმში“ - ასეთი იყო ევროპის მოედანზე გამართული სანახაობის სიმბოლური გზავნილი. მის ფარგლებში ფოტოგამოფენა მოეწყო, ასევე ერთდროული თამაშის სეანსები გაიმართა დიდოსტატებსა და ახალგაზრდა აჭარელ მოჭადრაკეებს შორის. ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა ორკესტრირებული მსვლელობით გაახალისეს სტუმრები და გულშემატკივრები. სადღესასწაულო განწყობაში თავის წვლილი შეიტანეს მსახიობებმა და ცეკვის ანსამბლის წევრებმა, პატარა მოჭადრაკეებმა კი სახალისო კონკურსში მიიღეს მონაწილეობა, რომლის დასრულების შემდეგ სამახსოვრო პრიზებით დაჯილდოვდნენ.

ევროპის მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, ბათუმი 2018-ის კეთილი ნების ელჩი ნონა გაფრინდაშვილი და მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონი, საჭადრაკო ოლიმპიადის არაერთგზის გამარჯვებული ნანა იოსელიანი მიესალმნენ.

ღონისძიების მიწურულს საჭადრაკო პროექტის „მილიონი სვლა“ ფარგლებში, ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ერთი სვლა სპეციალურად შექმნილი ონლაინ- პლატფორმის მეშვეობით გააკეთა.

ევროპის მოედანზე გამართულ ღონისძიებას ის ჟურნალისტებიც დაესწრნენ, რომლებიც 11-12 მაისს ქობულეთში გამართულ მედიატურნირში „ბათუმი 2018“ მონაწილეობდნენ.

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე გაიმართება. უდიდეს სპორტულ ფორუმზე დასასწრებად საქართველოს 189 ქვეყნის 4 ათასამდე სტუმარი ეწვევა.

ბათუმმა ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება 2014 წელს, ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში გამართულ ფიდე-ს გენერალურ ასამბლეაზე მოიპოვა, სადაც 93 ხმა მიიღო, კონკურენტმა დურბანმა (სამხრეთ აფრიკა) კი - 58.

გოგა ჩანადირის ფოტოალბომი

სეირან ბაროიანის ფოტოალბომი

ბათუმი 2018-ის საორგანიზაციო კომიტეტი

  • სათაური: 'პირველი სვლა ბათუმში'!
  • ავტორი:
  • თარიღი: 15-05-2018 6:14 PM
  • Tags:
Top