ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის თილისმა

2018 წლის 26 მაისს საქართველომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების საუკუნოვანი იუბილე აღნიშნა.

საზეიმო ღონისძიებებს, რომელიც თბილისსა და ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მოეწყო, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია და 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტიც შეუერთდა.

დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე (ბესიკის აღმართთან) ელვისებურ ჭადრაკში ერთდროული თამაშის სეანსები მოეწყო. ჭადრაკის მოყვარულებს და გულშემატკივრებს ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი, 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორი ზურაბ აზმაიფარაშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი და 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გიორგაძე, მსოფლიოს ჩემპიონი სწრაფ ჭადრაკში და ევროპის 2018 წლის ვიცე-ჩემპიონი ნანა ძაგნიძე, ასევე მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ქალ სპორტსმენად აღიარებული ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილი დაუპირისპირდნენ.

მათ მეტოქეთა შორის ოლიმპიური ჩემპიონებიც იყვნენ - 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად აღიარებული ლაშა ტალახაძე და 3-გზის ოლიმპიური ჩემპიონი, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი.

დღესვე გულშემატკივრებმა 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის თილისმა კუ იხილეს. ის ქომაგებსა და საჭადრაკო კუთხის სტუმრებს ზურაბ აზმაიფარაშვილთან და გიორგი გიორგაძესთან ერთად საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ წარუდგინა.

რუსთაველის გამზირზევე დაიწყო თილისმისთვის სახელის შერჩევა: მსურველები თავის ვერსიას ფურცელზე წერდნენ და სპეციალურ ყუთში ათავსებდნენ. კუს სახელი მოგვიანებით დადგინდება, მანამდე კი პატარა გულშემატკივრებმა მასთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

არაერთი ღონისძიება გაიმართა 43-ე ოლიმპიადის მასპინძელ ბათუმშიც: ბულვარში, საჭადრაკო კლუბში დაიწყო 26 მაისისადმი მიძღვნილი ტურნირი, ასევე მოეწყო ერთდროული თამაშის სეანსი ბათუმელ დიდოსტატ სალომე მელიასთან.

12 საათიდან საოცრებათა მოედანზე ელექტრომობილით გამოჩნდა ბათუმი 2018-ის თილისმა-კუ, რომელმაც უამრავი სამახსოვრო ფოტო გადაიღო და გიგანტურ დაფაზე ჭადრაკიც ითამაშა.

ბათუმი 2018-ის საჭადრაკო კუთხის სტუმრებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ბათუმის მერი ლაშა კომახიძე მიესალმნენ, რომლებიც ჭადრაკის მოყვარულებს ბათუმში ოლიმპიადის გამართვის საორგანიზაციო საკითხებსა და მნიშნელობაზე ესაუბრნენ. საჭადრაკო კუთხესთან სამხატრო სტუდია „პალიტრას“ აღსაზრდელებმა ჭადრაკის თემატიკაზე მოფიქრებული ესკიზები შეასრულეს, რითაც უამრავი დამთვალიერებლის ყურადღების ცენტრში მოექცნენ.

ბათუმი 2018-ის საორგანიზაციო კომიტეტი

  • სათაური: საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის თილისმა
  • ავტორი:
  • თარიღი: 27-05-2018 2:56 AM
  • Tags:
Top