ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

2018 წლის 23-24 ივნისს სასტუმრო „იოტაში“ (თბილისი, ლერმონტოვის ქ.№10) ჭადრაკში საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჩატარდება. ჩემპიონატი გაიხსნება 23 ივნისს 14:30 საათზე. 

ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 10 ივნისს დასრულდა. დარეგისტრირდა 21  ბიზენსორგანიზაციის  22 გუნდი (დანართი №2). გუნდი შედგება ოთხი ძირითადი და ერთი სათადარიგო მოჭადრაკისაგან. ყოველ ტურში ერთი მოჭადრაკე მაინც იქნება კომპანიის თანამშრომელი.

ტურნირი შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართება. თითოეულ მონაწილეს პარტიის ბოლომდე 15 წუთი მიეცემა, ყოველ სვლაზე (პირველივე სვლიდან) 3 წამის დამატებით. ჩემპიონატში ჯამში ითამაშებს 103 მოჭადრაკე, აქედან 13 საერთაშორისო დიდოსტატი, 14 საერთაშორისო ოსტატი და 3 ფიდეს ოსტატი.

გამარჯვებული გუნდები გამოვლინდებიან ქულათა რაოდენობის მიხედვით. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი შეადგენს 6 000 ლარს. პირველ ადგილზე გასული გუნდი მოიპოვებს უფლებას მონაწილეობა მიიღოს ევროპის კორპორატიულ ჩემპიონატში, რომელიც პარიზში 2018 წლის შემოდგომაზე გაიმართება.

პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდების ყველა წევრს გადაეცემა საქართველოს მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალის მოსაწვევი ბილეთები. დაწესებულია ორი სპეციალური პრიზი: ააიპ „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ პრიზი გადაეცემა გუნდს, რომლის შემადგენლობაში 2 და მეტი ქალი ითამაშებს. სპეციალური პრიზი ასევე გადაეცემა იმ ბიზნესკომპანიის გუნდს, რომელიც მთლიანად საკუთარი თანამშრომლებით იქნება დაკომპლექტებული. 

პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში საქართველოში ჭადრაკის ოლიმპიური წლის ღონისძიებათა ფარგლებში ტარდება და წინ უძღვის მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას, რომელიც 2018 წლის შემოდგომაზე ბათუმში ჩატარდება.

 

 

  • სათაური: საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში
  • ავტორი:
  • თარიღი: 22-06-2018 6:50 PM
  • Tags:
Top