ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ზუგდიდს განახლებული საჭადრაკო სკოლა ექნება.

ზუგდიდის საჭადრაკო სკოლის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. 

ამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან და ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროს ლაშა ჯაიანთან ერთად გაეცნო.

,,ზუგდიდის საჭადრაკო სკოლას არაერთი ცნობილი მოჭადრაკისა და მწვრთნელის სახელი უკავშირდება. დღეის მონაცემებით სკოლაში 231 ბავშვი ირიცხება, რომელთა შორის საქართველოს ჩემპიონები და საერთაშორისო ტურნირის პრიზიორები არიან, ამ ბავშვებს კი ხელშეწყობა და განვითარება სჭირდებათ“-აღნიშნა ლაშა გოგიამ. 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შენობის რეკონსტრუქცია, არსებულ შენობაზე მეორე სართულის დაშენებით, სადაც განთავსდება დამატებითი საკლასო ოთახები, შეჯიბრების ჩასატარებელი დარბაზი, ადმინისტრაციის ოთახი და სანიტარული კვანძები. მოეწყობა წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, ელექტრომომარაგების და გათბობა-გაგრილების ახალი სისტემა.

ფასადზე, თანამედროვე კომპოზიტური მასალებით, ახალი არქიტექტურული ფორმების მოწყობით განახლდება შენობის გარე იერსახე. შენობა შშმ პირთათვის ადაპტირებული იქნება. 

პროექტის სრული ღირებულება 865 300,87 ლარს შეადგენს. 2018 წელს დაგეგმილია 500 000 ლარის სამუშაოების განხორციელება, ხოლო დანარჩენი სამუშაოები განხორციელდება 2019 წელს. 

პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.

წყარო

  • სათაური: ზუგდიდს განახლებული საჭადრაკო სკოლა ექნება.
  • ავტორი:
  • თარიღი: 08-08-2018 1:05 AM
  • Tags:
Top